პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრმა ლალი მოროშკინამ სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა, რომ გიგა ბოკერია არის ადამიანი, რომელიც დასახელებულია როგორც მოლაშვილის წამებაში მონაწილე, მაგრამ სამწუხაროდ, იგი არათუ დაკითხული არ არის, არამედ სამთავრობო კონცერტებს ესწრება. მოროშკინამ აღნიშნა, რომ საქართველომ დაკარგა ნაციონალური გმირი და სამწუხაროა, რომ ბევრმა ეს სათანადოდ ვერ აღიქვა.
„კონკრეტული გვარები და სახელებია დასახელებული იმ ადამიანებისა, ვინც იღებდა მონაწილეობას სულხან მოლაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში. მინდა, გაგახსენოთ ციხის ბუნტი, სადაც ბოკერიაც გასცემდა ბრძანებებს, თუმცა მას არანაირი სახელისუფლებო პოსტი არ ეჭირა, რომ ამდენის უფლება მიეცა თავისი თავისთვის. შესაბამისად, ეს ადამიანი უკვე ორ საქმეში ფიგურირებს, ეს არიც ციხის ბუნტი და ეს არის სულხან მოლაშვილის ჩვენება. იგი არათუ დაკითხული არ არის, არამედ გუშინ იგი იმყოფებოდა ოპერის თეატრში სამთავრობო გუნდთან ერთად და ძალიან კარგად კოჰაბიტირებულები დადიან სამთავრობო კონცერტებზე. საწყენი ის არის, რომ ჩვენ ნაციონალური გმირი მოგვიკლეს და შეიძლებოდა, საქართველო ორი და სამი დღე მაინც გლოვაში ყოფილიყო. ეს გლოვა გრძელდება უკვე ბევრი წელია. სამწუხაროა, რომ ბევრმა ვერ გაითავისა ის, რომ საქართველოში დღეს გლოვის დღეა", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.