საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე საქართველოს პროკურატურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
როგორც საპროკურორო საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საპროკურორო საბჭოს სხდომა ხვალ, 12 იანვარს 13:00 საათზე ჩატარდება.
„პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ანგარიში შეეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს და არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლოში მის განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს.
პროკურატურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხებს“ ,- ნათქვამია ინფორმაციაში.