„თუ არ ვცდები, სწორედ თქვენი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ვახსენე, რომ საბოლოოდ, ჩემი ქონების არანაკლებ 90 პროცენტს საზოგადო და საქვეყნო საქმეს მოვახმარდი, თუმცა, ამ განცხადებას მაშინ მედიისგან და საზოგადოებისგან სათანადო რეაქცია არ მოჰყოლია. სინამდვილეში, სწორედ იმ პროცესის ლოგიკურ გაგრძელებასთან გვაქვს საქმე, რომლის თაობაზე გადაწყვეტილება ადრე მივიღე, წელიწადნახევრის წინ კი, თქვენთან ინტერვიუშიც განვაცხადე. სხვათა შორის, არამარტო თქვენთან ინტერვიუში მაქვს ეს პოზიცია გამოხატული, რამდენიმე საერთაშორისო გამოცემასთანაც მაქვს ეს დაფიქსირებული, მაგრამ ამ განცხადებებს შესატყვისი რეზონანსი არ მოჰყვა და, სიმართლე გითხრათ, არც მიცდია ზედმეტად ამ თემის პედალირება“, – ასე უპასუხა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-ის მიერ დასმულ შეკითხვას გასული წლის 30-31 დეკემბერს, მის მიერ საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთვის“ უპრეცედენტო მასშტაბის აქტივების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელსაც ჟურნალისტის თქმით შესაბამისი განმარტებები არ მოჰყოლია.
ჟურნალისტი ოპოზიციურ მედიაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც მცდელობა ჰქონდა, ნეგატიურ კონტექსტში წარმოეჩინა ერთ-ერთი აქტივის ფონდისთვის გადაცემის ამბავი, რასაც გაგრძელება არ მოჰყოლია. კითხვა ასევე შეეხებოდა ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს და ნეიტრალურ მედიას, რომელთაც ამ თემის აწევა არ უცდიათ.
ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ესაა რეალობა და ამ რეალობას, მშვიდად უსწორებს თვალს. მისი თქმით, რასაკვირველია, ოპოზიციურმა მედიამ საქველმოქმედო ფონდისთვის 30-31 დეკემბერს გადაცემული აქტივების სრული სია აღმოაჩინა, მასშტაბიც გააცნობიერეს და პოზიტივის პოტენციალიც დაინახეს, მაგრამ თვალი დახუჭეს – საკუთარ პრინციპებს ხომ არ უღალატებდნენ და მასზე კარგს ხომ არ იტყოდნენ?
„ეს კითხვა მეც მაქვს და მეც თქვენსავით არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი. ესაა რეალობა და ამ რეალობას, თქვენგან განსხვავებით, გიორგი, მშვიდად ვუსწორებ თვალს. რაც შეეხება ოპოზიციურ მედიას, მათ, რასაკვირველია, საქველმოქმედო ფონდისთვის 30-31 დეკემბერს გადაცემული აქტივების სრული სია აღმოაჩინეს, ისევე, როგორც თქვენ. მასშტაბიც გააცნობიერეს და პოზიტივის პოტენციალიც დაინახეს, მაგრამ ინფორმაცია გაავრცელეს მხოლოდ იმ აქტივის გადაცემაზე, რაც, მათი მოკლე ხედვით, საკითხის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენის და უხეში სპეკულაციის მინიმალურ სივრცეს ტოვებდა. დანარჩენზე კი, თვალი დახუჭეს. აბა, საკუთარ პრინციპებს ხომ არ უღალატებდნენ და ჩემზე კარგს ხომ არ იტყოდნენ? თუმცა, იპოდრომის თემაზე ხელდამწვარები, მალევე მიხვდნენ, რომ ფულის გათეთრების თემის ყურით მოთრევა, მათ ძალებსაც აღემატებოდა და სწორედ იმიტომ მინავლდა მალევე ის აჟიოტაჟი, რაც თქვენც სწორად შენიშნეთ“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.