„ინტრიგას ეძებენ იმაში, რომ ქველმოქმედმა თავისი ქონების და აქტივების დიდი ნაწილი გადასცა საქველმოქმედო ფონდს, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას ინტრიგებით სავსე ტომარა დააქვს ზურგით - მედიას პროკურორ-პროდიუსერით მართავენ, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ ჟურნალისტებს პოლიტიკური მიზნებით იყენებს; წაგებული პოლიტიკოსები, არჩევნებში გასულ ოპოზიციონერებს მანდატებს ართმევენ; არჩევნების პროფესიონალი გამყალბებლები თავისუფალ არჩევნებზე გვესაუბრებიან და ასე შემდეგ” - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტების განცხადებებს ბიძინა ივანიშვილის მიერ აქტივების საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთვის“ გადაცემის თაობაზე.
არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოპოზიციის ნაწილის მიერ გაკეთებული განცხადებები უბრალოდ სიმდაბლეა.
„მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ქველმოქმედებაში 3 მილიარდი აქვს დახარჯული და როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ამასთან დაკავშირებით ძალიან ადრე, ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ, ისაუბრა და თქვა, რომ გეგმავს საქველმოქმედო ფონდს გადასცეს საკუთარი აქტივები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.