„ბიძინა ივანიშვილი ვიდრე პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებას მიიღებდა, მანამდეც კარგად გვახსოვს მის მიერ გაკეთებული უამრავი კეთილი საქმე, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლამდე უამრავ კარგ საქმეს აკეთებდა.
„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ იყო, მაგრამ ძალიან ბევრ კეთილ საქმეს აკეთებდა. ეხმარებოდა ყველა ხელისუფლებას, ვინც იყო, თუნდაც სააკაშვილის ხელისუფლებას. ჯარის, პოლიციის ეკიპირებასა და აღჭურვაში. უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადარჩენა, უამრავი ეკლესიის მშენებლობა, აღდგენითი სამუშაოები, ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. არ ვიცი, რამდენი რამე ჩამოვთვალო. უამრავი კარგი საქმე ჰქონდა ამ ადამიანს გაკეთებული, მაგრამ 2011 წელს, როდესაც მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, ვფიქრობ, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. პირად საუბრებში, 2011-2012 წლებში ძალიან ხშირად უთქვამს, როდესაც სახლიდან გამოვდივარ, მეუღლეს და შვილებს ვემშვიდობები იმიტომ, რომ შეიძლება ჩემი ლიკვიდაციაც კი განახორციელონო. იმდენად მძიმე რეალობაში გვიწევდა მოღვაწეობა და იმდენად დიდი აგრესია მოდიოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. მის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, პოლიტიკაში მოსვლა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, ამას მომავალი თაობები ძალიან კარგად შეაფასებენ და საზოგადოება, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები ძალიან კარგად ხედავენ ამ რეალობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.