„ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე „ქართულმა აოცნებამ“ მზაობა გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი დადასტურდება, რომ არჩევნების შედეგებზე არ არის ასახული მოქალაქეების ნება.
„ირაკლი კობახიძემ გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ მზაობა, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც სრულად შეისწავლის 31 ოქტომბრის არჩევნებს და იმ პრეტენზიებს, რომელიც რიგი პოლიტიკური ორგანიზაციიდან ისმის. რითაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ სრულად დარწმუნებული ვართ, რომ ცესკო-ს მიერ ჩატარებული არჩევნები და გამოქვეყნებული შედეგები საქართველოს მოსახლეობის ნებას ასახავს. იმ შემთხვევაში, როდესაც საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე ყველა ხვდებით, რომ შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში- თუკი პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შედეგებზე არ არის ასახული მოქალაქეების ნება, არჩევნები გაყალბდა, ნამდვილია. დღემდე ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი ფაქტებზე დაფუძნებული არგუმენტი, რომელიც ამას რამენაირად ადასტურებს. კიდევ ერთხელ შესაძლებლობა აქვს ჩვენს ოპონენტებს, შემოვიდნენ პარლამენტში და ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ. თუკი რაიმე იქნება, ამას თვითონაც და მთელი საზოგადიებაც ნახავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევა.
„პარლამენტში ოპოიციის შემოსვლის პროცესი უკვე დაიწყო. საჯარო განცხადებებით ვხედავთ, რომ ზოგიერთი პარტია განწყობილია იმისკენ, რომ შემოვიდეს პარლამენტში. იმედი მაქვს, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შემოვა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, გუშინ განცხადებაში აღნიშნა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველივე კვირაში. მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას მიიწვევენ.