ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საავტომობილო ხიდი, რომელიც გასულ წელს სტიქიამ მთლიანად გაანადგურა, აღდგენილია. მდინარე თერგზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობის პროცესი დასრულდა, მოქალაქეებს ამიერიდან დროებითი ხიდით სარგებლობა აღარ მოუწევთ.
ახალი ხიდის სიგრძე 33 მეტრია და ის გორისციხის თემის სოფლებს - ფხელშეს, ტყარშეტსა და გორისციხეს სოფელ ვარდისუბანთან და მუნიციპალურ ცენტრთან აკავშირებს. სამშენებლო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. გორისციხის ხიდის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს „ჯორჯიან ბრიჯ ქონსთრაქშენი“ ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 669 252 ლარით დაფინანსდა.
ამავე პროექტის ფარგლებში მოხდა გორისციხისა და ფხელშის შიდა გზების, წყალსადენისა და კანალიზაციის უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორცილება. პროექტის ფარგლებში გაფართოვდა საავტომობილო გზა, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, საყრდენი კედელი და მოხდა გზის მოასფალტება.
სოფელ გორისციხისა და ფხელშის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3 280 465 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები შ.პ.ს „ეს ერ ჯი“ განახორციელა. სოფელ გორისციხისა და ფხელშეს წყალსადენისა და კანალიზაციის უბნების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 55 444 ლარი გამოიყო.
დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კერესელიძემ, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან მანანა (მაცაცო) ნარიმანიძესთან და მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე ზაგაშვილთან ერთად დაათვალიერა.