„საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებულია როგორც საქართველოს, ისე რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განტკიცებაზე, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფაზე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო მზად არის აღნიშნული მიმართულებით პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.
„ვრცლად მიმოვიხილეთ საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციის და ეკონომიკური განვითარების კუთხით მიღწეული პროგრესი. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით აშშ-ის ჩართულობას და მხარდაჭერის მნიშვნელობას. ვისაუბრეთ საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო აარჩევნების თავისუფლად, გამჭვირვალედ და მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე და მასში ამერიკული ორგანიზაციების და სადამკვირვებლო მისიების ჩართულობაზე. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პოარტნიორობა ორიენტირებულია როგორც საქართველოს, ისე რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განტკიცებაზე, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფაზე. მზად ვართ მომავალში კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა აღნიშნული მიმართულებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ჯონ კერის და ამერიკელ სტუმრებს საქართველოში ვიზიტისთვის და ორი ქვეყნის ურთიერთობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო განვამტკიცებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორობას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.