„ჩვენ მოუთმენლად ველით ვარშავის სამიტს და სამიტის ფარგლებში მიღებულ კონკრეტულ შედეგებს", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან გამართული შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. ჯანელიძემ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან NATO-ში ინტეგრაციის საკითხებზე და მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რაც მისი თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ პარტნიორობას კიდევ უფრო აძლიერებს.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ვარშავის სამიტი ამ თანამშრომლობის გაღრმავების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება.