აეროპორტის მიმართულებით მოძრავი #37 ავტობუსი მგზავრებს 24-საათიანი გრაფიკით მოემსახურება. ღამის საათებში აღნიშნული ავტობუსი ყოველ 35 წუთში ერთხელ ივლის.
ახალ ავტობუსში 36 დასაჯდომი ადგილია, ხოლო სრული ტევადობაა 100 ადამიანი.
ღამის საათებში მგზავრობის საფასური არ შეიცვლება და 50 თეთრი იქნება. შენარჩუნდება დაწესებული შეღავათებიც.
უცვლელი რჩება №37 ავტობუსის მარშრუტი. ავტობუსი სადგურის მოედნიდან გმირთა მოედნის, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირებს გაივლის, შემდეგ მობრუნდება თავისუფლების მოედანზე და ჭანტურიას ქუჩიდან ჩაუხვევს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, საიდანაც გაივლის ავლაბარში, კაჩინსკისა და ბუშის ქუჩებზე და გავა კახეთის გზატკეცილზე და მივა საერთაშორისო აეროპორტში.
უკუმიმართულებით №37 ავტობუსი გაივლის იმავე მარშრუტს და მისი ბოლო გაჩერება იქნება სადგურის მოედანზე.