logo_geo
eng_logo
სოსო ბარათაშვილი: სულხან მოლაშვილის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობას უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს ვუკავშირებ
- +

7 ივლისი. 2016. 11:43


იურისტი სოსო ბარათაშვილი სულხან მოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს. ბარათაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ სტრასბურგში გაგზავნილ დეკლარაციაში წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დარღვევებია აღიარებული, რომელიც სულხან მოლაშვილს უკავშირდებოდა.

 

„ჯერ კიდევ 2011 წელს, წინა ხელისუფლების დროს, იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს დეკლარაცია გაუგზავნა, სადაც სულხან მოლაშვილის მიმართ ჩადენილი მთელი რიგი დარღვევებია აღიარებული, მათ შორის - წამების ფაქტები. იმავე დოკუმენტში აღიარებულია, რომ მის მიმართ დისკრიმინაცია ხორციელდებოდა და დისკრიმინაცია მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა. წინა ხელისუფლებას ყველა ეს დარღვევა აღიარებული აქვს. შემიძლია, ეს დოკუმენტი გავასაჯაროო", - განაცხადა ბარათაშვილმა.


მისი თქმით, საქართველოში ჩამოსულმა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა, რომლებმაც მოლაშვილი ციხეში მოინახულეს, განაცხადეს, რომ ადამიანის ასეთ პირობებში ყოფნა დაუშვებელია.


„მოგვიანებით, ეს ყველაფერი მათ მოხსენებასა და საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაშიც აისახა. ეს მასალები ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარვუდგინეთ და ამ ყველაფრის შემდეგ, წინა ხელისუფლება იძულებული გახდა, სულხან მოლაშვილის მიმართ წამების ფაქტი ეღიარებინა. არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სულხან მოლაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში შესვლამდე აბსოლუტურად ჯანმრთელი, გამოსვლის შემდეგ კი, მძიმე დაავადებით დასნეულებული იყო", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, სულხან მოლაშვილის უშუალო წამება მისი დაპატიმრებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში მოხდა.


„ამ ფაქტთან დაკავშირებით 3 ექსპერტიზა ჩატარდა - ჯანდაცვის საექსპერტო დაწესებულების, ქალბატონ მაია ნიკოლეიშვილის და წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის" მიერ. ყველა დასკვნაში მითითებულია, რომ სულხან მოლაშვილს წამება აღენიშნებოდა. ექსპერტიზამ დაადასტურა მისი ნაამბობი, რომ ის სხვა ოთახში თვალახვეული გაიყვანეს, ელექტროდენს მიუერთეს და სხეული სიგარეტით ამოუწვეს. მისი არც ერთი განცხადების უარყოფა არ მომხდარა", - განაცხადა ბარათაშვილმა.


მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა 2004 წელს, ჯერ კიდევ სასამართლო პროცესის დაწყებამდე, წინასწარი გამოძიების პროცესში გააკეთა განცხადება, რომ სულხან მოლაშვილს პირადად ის არ გაათავისუფლებდა.

 

„მიხეილ სააკაშვილმა 2004 წელს, ჯერ კიდევ სასამართლო პროცესის დაწყებამდე, წინასწარი გამოძიების პროცესში გააკეთა განცხადება, რომ სულხან მოლაშვილს პირადად ის არ გაათავისუფლებდა და მოლაშვილი ყოვლად გაუსაძლის პირობებში ზუსტად იმ ღამით გადაიყვანეს. ამიტომ, სულხან მოლაშვილის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობას უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს ვუკავშირებ", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner