ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია "BBC" - ის რუსული სამსახური (BBC Russian) აქვეყნებს ამერიკული და ბრიტანული პრესის მასალების მიმოხილვას რუსეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.
აშშ-ის გაზეთ "ვაშინგტონ პოსტმა" (The Washington Post) დაბეჭდა სარედაქციო სტატია სათაურით - "დადგა დრო, პუტინს "სიკეთე" იმავე "სიკეთით" გადავუხადოთ" // ალექსი ნავალნის ბრალდებებს პუტინის თვითმპყრობელობის შერყევა შეუძლია", რომელშიც ყურადღება ექცევა ოპოზიციონერ ალექსი ნავალნის მხარდასაჭერად რუსეთში მიმდინარე მიტინგებსა და მანიფესტაციებს, სიცივისა და პოლიციელთა ხელკეტების მიუხედავად.
"ვერ ვიტყვით იმას, რომ ვლადიმერ პუტინის რეჟიმი დღეს კრახის წინაშე იმყოფება. მაგრამ, იმავდროულად, ცხადია, რომ მისი ლიდერი აშკარად უფრთხის რუსეთში "ფერადი რევოლუციის" დაწყების შესაძლებლობას - ისეთის, როგორიც საქართველოში და უკრაინაში მოხდა. მართალია, ამჟამად ნავალნი დაპატიმრებულია, მაგრამ საპროტესტო მოძრაობა გრძელდება და, სავარაუდოდ, არ შეწყდება იმ ძლიერი პოლიტიკური ქსელის წყალობით, რომლის შექმნა ოპოზიციონერის მხარდამჭერებმა მოახერხეს.
დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ვლადიმერ პუტინის უპრეცენდენტო ავტოკრატიის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა განმტკიცდეს და გაფართოვდეს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ და ევროკავშირმა აუცილებლად უნდა დააწესონ მკაცრი სანქციები იმ რუსი ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც ამ დღეებში მომხდარი რეპრესიების დამგეგმავები და განმახორციელებლები არიან. ასევე, მათ უნდა ყურადღება მიაქციონ ალექსი ნავალნის თხოვნას იმ უკანონო აქტივების მოძიების თაობაზე, რომელთა მფლობელებს ვლადიმერ პუტინი და მისი გარემოცვა წარმოადგენს.
"რუსეთის პრეზიდენტი დემოკრატიული სისტემების სისუსტეს თავის სასარგებლოდ იყენებს, მაგრამ მოვიდა დრო, რომ ვლადიმერ პუტინს "სიკეთე" იმავენაირი "სიკეთით" გადავუხადოთ", - ასკვნის "ვაშინგტონ პოსტის" რედაქცია.
ბრიტანული "სანი" (The Sun) აქვეყნებს პუბლიკაციას სათაურით: "ცხოვრება შიშში: პუტინს ეშინია, მუამარ კადაფივით არ მოკვდეს". გაზეთის კორესპონდენტს თარიკ თაჰირს რუსი ისტორიკოსი იური ფელშტინსკი ესაუბრება. იგი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინს ეშინია, რუსეთში რევოლუციის მოხდენის შემდეგ, ვაითუ, მასაც იგივე დაემართოს, რაც ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფს დაემართა. ისტორიკოსის აზრით, ქვეყანაში მიმდინარე აქციებმა რუსეთის ლიდერი დაარწმუნა, რომ აუცილებელია, მისი ოპონენეტები მკაცრად დასაჯოს და დახოცოს კიდეც.
რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ "ქანჩები კიდევ უფრო უნდა მოუჭიროს", რათა მოსახლეობაში სხვაგვარად აზროვნება ჩაახშოს და თავისი პოზიცია გააპიაროს. როგორც ცნობილია, რამდენიმე წლის წინ თავად პუტინმა განაცხადა, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მუამარ კადაფის მკვლელობამ გაბოროტებული ბრბოს მიერ, 2011 წელს. რუსეთის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ თუ იგი რეჟიმის სიმკაცრეს შეასუსტებს, მასაც კადაფის მსგავსი ბედი ელოდება, - ციტირებს იური ფელშტინსკის გამონათქვამს.
"პუტინს საკმარისი გონება აქვს იმისთვის, რომ გააცნობიეროს: იმ პირობებში, სადაც ნორმალური წესები არსებობს, მისი მართვის სისტემას არსებობა არ შეუძლია. იგი იდეალისტი არ არის. მან იცის, რომ ვერ გადარჩება, თუ სხვების - ოპონენტების ჩაგვრას არ გააგრძელებს. პუტინმა გაკვეთილი მიიღო ამასწინანდელი მოვლენებით. იგი მიხვდა, რომ საჭიროა, უფრო მეტად გააძლიეროს ზეწოლა. და ჩვენ ამას დავინახავთ", - ამბობს რუსი ისტორიკოსი.
"ვლადიმერ პუტინი დიქტატორი იმის გამო კი არ გახდა, რომ იგი ჭკვიანი და ქარიზმატულია, არამედ იმიტომ, რომ მის უკან "ეფ-ეს-ბეს" (უშიშროების ფედერალური სამსახურის) მთელი სტრუქტურა დგას. პუტინი ხვალაც რომ მოკვდეს, რუსეთში კარდინალურად არაფერი შეიცვლება", - თვლის ისტორიკოსი, - "თუმცა, სანამ იგი ხელისუფლებაშია, პენსიაზე გასვლას არ დააჩქარებს".
"მას ვერავინ ვერ შეეჯიბრება მართვაში, არ არსებობს რუსეთში შეიარაღებული მოძრაობა, რომელიც ვლადიმერ პუტინს დაამხობს", - დარწმუნებულია იური ფელშტინსკი.
მოამზადა სიმონ კილაძემ