ავტორი მარიამ პაიჭაძე
„ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკურმა მდივანმა მანანა ნაჭყებიამ „რეპორტიორთან" „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დიდგორზე ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ყრილობის ასეთ ადგილას ჩატრება ზოგადად არასწორ იდეად მიაჩნია და თვლის, რომ მსგავსი იდეა არაფერს მოუტანს არც საქართველოს და არც თვითონ „ნაციონალურ მოძრაობას".
„ზოგადად, დიდგორზე ასეთი შეკრების გამართვა და მითუმეტეს „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, არასწორ იდეად მიმაჩნია. სიმართლე გითხრათ, თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაშიც" ვერ დავინახე ამ იდეის მხარდაჭერა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა. რაც შეეხება მორალურ უფლებას, ნაკლებად შეიძლება ვისაუბროთ მორალურ უფლებაზე. თუ ამოვდივართ იქიდან, რომ დიდგორი წმინდა ადგილია ქართველებისთვის და „ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს ასეთი შეხვედრის გამართვის უფლება, სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ეს იყოს რაღაც სერიოზული საფუძველი, ვაკრიტიკოთ ამ მიმართულებით „ნაციონალური მოძრაობა". უბრალოდ ვფიქრობ, რომ ეს არის ისეთი იდეა, რომელიც პრაქტიკულად არაფერს მოუტანს არც ქვეყანას, არც თვითონ „ნაციონალურ მოძრაობას". გარკვეულწილად არის თვითონ დიდგორის, როგორც ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილის, ასე ვთქვათ, დაკნინება გამომდინარე იქიდან, რომ პარტიის ყრილობის ჩასატარებელი ადგილი დიდგორი ნამდვილად არ უნდა იყოს, მითუმეტეს ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიისა იმ მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც დღეს საქართველოშია", - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.