ავტორი ნინო ჯიბუტი
„თავდაცვის მინისტრი პირველ რიგში მთავრობის წევრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი", - პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილის ამ განცხადებას ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „რეპორტიორთან" აფასებს. მისი თქმით, რესპუბლიკელები ცნობილი იყვნენ როგორც რაციონალური პარტია. თუმცა, ბოლო პერიოდში უფრო ემოციებზე ორიენტირებული გახდა, ვიდრე რაციონალურ მიდგომებზე.
„პრემიერის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენთან ზედმეტად არიან პარტიულ ინტერესებზე ორიენტირებული ადამიანები. სხვათაშორის იგივე ყოფილ მმართველ ძალას ამჟამად ოპოზიციაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან ხშირად ეუბნებიან, რომ პარტიული ინტერესებისა და წარმატებისთვის მზად არის ქვეყანა კიდევ არაერთხელ გაყიდოს. ნებისმიერი პირი საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი და ა.შ. ყველას ეს წოდებები სწორი ფორმულირებაა. ამიტომაც თავდაცვის მინისტრი პარტიული საქმიანობისგან უნდა ახდენდეს გარკვეულ დისტანცირებას, იმიტომ რომ ის არ არის ამ შემთხვევაში მხოლოდ პარტიის წევრი, ის მთლიანი მმართველი ძალის წარმომადგენელი და მთელი საქართველოს თავდაცვის მინისტრია. რესპუბლიკელები იმდენად არიან მოწადინებული პარტიის წინ წაწევაზე, და იმაზე, რომ დომინანტი ზოლი დაიკავოს ზოგადად ქვეყანაში, მათ შორის კოალიციაშიც რომ შესაძლოა, გადაავიწყდეთ საკუთარი ვალდებულებები და უფრო პარტიულ წარმომადგენლებს ხედავდნენ საკუთარ თავში. მე არ მაქვს მოცემულობა, ხიდაშელზე ვთქვა, რომ ეფექტური თავდაცვის მინისტრი არ არის, პირიქით, ძალიან მოწადინებული მინისტრია. თუმცა, გოგი თოფაძესთან ზედმეტმა შეხლა-შემოხლამ, როგორც თავდაცვის მინისტრი აქცია მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლად და ამით საკუთარი თავი დააკნინა. რესპუბლიკურმა პარტიამ ხელი შეუწყო გოგი თოფაძის პრომოუტირებას, თუ შეიძლება ამას პრომოუტირება ვუწოდოთ. ამიტომ პრემიერის განცხადება ძალიან სწორი, მნიშვნელოვანი და მაღალ პოლიტიკურ-კულტურაზე ორიენტირებული იყო" - აცხადებს გამზარდია.