„ავღანეთმა საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწია როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეკონომიკური განვითარების, ისე უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესების კუთხით, ამიტომ აუცილებელია, ალიანსისა და ალიანსის პარტნიორების მხრიდან გაგრძელდეს ავღანეთის დახმარება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ NATO-ს სამიტის ფარგლებში, ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, შეხვედრის მსვლელობისას, ალიანსის წევრმა და პარტნიორმა ქვეყნებმა ცალსახად დააფიქსირეს მზაობა, განაგრძონ თავიანთი წვლილის შეტანა ავღანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, იმისათვის, რომ მისია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, წარმატებით დასრულდეს.
ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრა ვარშავაში, NATO-ს სამიტის ფარგლებში, 9 ივლისს გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციამაც მიიღო.