logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: ვარშავაში NATO-მ მისთვის უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა
- +

11 ივლისი. 2016. 12:14


„არასწორი კითხვაა: გახდება თუ არა საქართველო NATO-ს წევრი, - ასე უპასუხა ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს - გადასაწყვეტია მხოლოდ, როდის", - წერს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.



„გუშინ ვარშავის სამიტი დასრულდა.

ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ისევ ოკუპირებულია, რუსულიდრონები" ალბათ ისევ შემოფრინდებიან და გაფრინდებიან როგორც მანამდე, გიგა ოთხოზორიას მკვლელი კვლავ დაუსჯელია, ბანერების წინ და უკან თრევის, სრულიად გაუგებარი პოლიტიკა ისევ გაგრძელდება, საქართველოს ისევ არყავს საზღვაო ფლოტი, არც ჩვენი სამხედრო ავიაციაა საუკეთესო NATO-ს სტანდარტების მდგომარეობაში.

ეს ყველაფერი სიმართლეა და ალბათ შეიძლება კიდევ უფრო გრძელი ჩამონათვალის მოფიქრება. აქ გავჩერდები. ალბათ გასაგებია.

ამასობაში, იმ ერთი კარგი ქართული ნაწარმოების არ იყოს,აბა შენ რა გიხაროდა, შე უპატრონოო", იტყოდა ადამიანი ჩემზე ამ ორი დღის ეთერების შემყურე. და მართლაც რა მიხარია? რატომ მგონია, რომ ვარშავის სამიტი ისტორიულია ყველასთვის და არა მხოლოდ ლიტვისთვის, სადაც NATO-ს ბატალიონი განთავსდება ან მონტენეგროსთვის, რომელიც წევრი გახდება, არამედ ჩვენთვის, საქართველოსთვისაც?

1. 8 წლის წინ, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სულ რამდენიმე თვეში, NATO რუსეთთან ჩვეულებრივი საქმიანობის რეჟიმში გადავიდა. თითქოს არც არაფერი მომხდარა, ოკუპაცია მოგვეჩვენა, მსხვერპლიც ილუზორული იყო და რუსული ჩექმის ქვეშ გათელილი საერთაშორისო სამართალიც ისევ მოქმედებდა.

პოლიტიკურ განცხადებებს და პოლიტიკურ მხარდაჭერას ვერ გავცდით მაშინ.

2. 6 წლის შემდეგ, რუსეთმა ჯარები კიდევ ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიყვანა და ყირიმის ანექსია მოახდინა. დაიმედებულმა, წახალისებულმა, რომ დასავლეთს სიბრაზე ისევ მალე გადაუვლიდა და ყველაფერი ძველ რელსებზე დაბრუნდებოდა.

3. უფრო მეტიც, სულ მალე აღმოსავლეთ უკრაინას შეუტია და მისი სრული ოკუპაციის მცდელობაქონდა.

4. 2 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დასავლეთში რუსეთისადმი დამოკიდებულების სრული გადაფასება მოხდება, შემდეგ ეს გადაფასება პოლიტიკური განცხადებებიდან სანქციებად გადაითარგმნებოდა და ბოლოს NATO, ყირიმის ანექსიიდან 2 წლის თავზე რუსეთს მისი უსაფრთხოებისათვის მთავარ გამოწვევად დაასახელებდა და შესაბამის მოქმედებას დაიწყებდა.

4. დღეს, ვარშავაში NATO-მ მისთვის სრულიად უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა. გადაწყვეტილებები მიიღო, რომლის მაგგვარიც ბალტიისპირეთის გაწევრიანების შემდეგ არ მომხდარა.

- აღმოსავლეთის საზღვრების გაძლიერება,

- 4 ბატალიონის ფორმირება და გადასროლა,

- შავი ზღვის, მისი უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად გამოცხადება

სწორედ ის ნაბიჯებია, რომელზეც 8 წლის წინ ვერც კი ვიოცნებებდით, ხოლო 2 წლის წინ უიმედო დისკუსიაში ვიყავით ჩართული.

5. ვარშავაში ბევრი სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც იყო მიღებული, თუმცა აქ ჩემი ამოცანა ძალიან გრძელი კომუნიკეს შეჯამება არ არის, სადაც რუსეთი მთავარ საფრთხედ, გამოწვევად, პრობლემად არის მოხსენიებული, სადაც მისგან პირდაპირ ითხოვენ ანექსიისა და ოკუპაციის შეჩერებას, აღიარებების უარყოფას და სხვა.

ჩემი ამოცანაა, აგიხსნათ

- რატომ ვარ იმედიანად,

- რატომ მჯერა NATO-ს მშვიდობის ძალის,

- რატომ ვარ დარწმუნებული, რომ ხვალ წევრობაც იქნება,

- რატომ მიხარია ვარშავა და მისი გადაწყვტილებები,

- რატომ მგონია, რომ ის, რაც კარგია და დაიცავს ლიტვას ან ლატვიას, ან ესტონეთს, დაგვიცავს ჩვენც.

8 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, უფრო მეტიც, ჯერ კიდევ 2 წლის სერიოზულად დაგცინებდნენ,

იმაზე, რაც დღეს რეალობაა.

მე ქართველი ვარ და ბუნებრივია, მჯერა რომ 8 წლის წინ უნდა ყოფილიყო გამოღვიძება, საფრთხის ბოლომდე დანახვა, გაანალიზება, მასზე რეაგირება, მოკავშირეების გაძლიერება და NATO-ს მხრიდან მეტი სიძლიერის დემონსტრირება. სწორედ საქართველოს ოკუპაციისთვის უნდა დასჯილიყო რუსეთი სანქციებით, სწორედ საქართველოს ოკუპაცია უნდა ყოფილიყო დიდი გამოფხიზლება. შეიძლება გაბრაზებული ვიყოთ, იმედგაცრუებულიც, მოთმინება გვღალატობდეს და ჩვენს რიტორიკაში ცინიზმი გავამრავლოთ. სრულიად ლეგიტიმური იქნება.

მაგრამ, ასევე, შეიძლება დავინახოთ, რომ დღეს სხვა მსოფლიოში ვცხოვრობთ. ზუსტად ისე, როგორც 2 წლის წინ წარმოუდგენელი ჩანდა პოლონეთში NATO-ს ბატალიონები, ან შავ ზღვაზე NATO-ს უსაფრთხოების ქოლგა, დღეს ასეთივე შორეული ჩანს საქართველოს წევრობა. თუმცა ბევრი რამ მოხდა. გარდაუვალი აუცილებლად მოხდება. ამის დასტურია ვარშავა.

- მთავარია, ჩვენ მშვიდად და მიზანმიმართულად ვიაროთ ამ გზაზე,

- მთავარია, ხვალ დილითვე დავიწყოთ ზრუნვა, მოქმედება, შრომა, ბრძოლა შემდეგი გადაწყვეტილებებისათვის.

- მთავარია, დავინახოთ მიღწეული და მის გავრცობა, გაფართოება, გაძლიერებაზე ვიზრუნოთ,

- მთავარია, არ დავიღალოთ ამ ბრძოლაში ევროპული, ნათელი, მშვიდობიანი, განვითარებული საქართველოსთვის.

ვარშავამ ისტორიული კომუნიკე მიიღო. ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა და გამოწვევებს პასუხი გასცა.

საქართველოს წევრობაც დაგვიანდა.

მაგრამ ზუსტად ისე, როგორც აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერების შემთხვევაში, გადაწყვეტილება აუცილებლად დადგება.

ჩვენ ყველანი ერთად ვიზეიმებთ ამ დღეს.

ვარშავამ ამაში, მგონი, ყველა დაგვარწმუნა.

კიდევ ერთხელ, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ დიდი თვალის ახელა შედგა.

დანარჩენი ტექნიკის და დროის ამბავია.

P.S. MAP-ზეც აუცილებლად დავწერ ამ დღეებში :)

ოდა, კიდევ ფეხბურთს ვუყურებ, ამ თამაშში პორტუგალიას ვგულშემატკივრობ.

საერთოდ, ევროპულ ფეხბურთს ვუყურებთ და ვგულშემატკივრობთ, არ მახსენდება რუსული ლიგის მატჩებზე აჟიოტაჟი საქართველოში!!!

კარგ ფეხბურთს ვუყრებთ და იმიტომ მპასუხობს მავანი, თორემ რა მნიშვნელობა აქვს, რუსული იქნება თუ გერმანულიო, და ამაშია საქმე,

ევროპული კარგია, გიზიდავს, განდომებს, გაიმედებს!!!" - წერს ხიდაშელი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner