„სხდომების გაცდენებთან დაკავშირებით "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შეფასება არა თუ არასაკმარისია, ვფიქრობ, არასწორ მიმართულებას ქმნის", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
„მედიით დილიდან ვისმენ, რომ პარლამენტში გაცდენებია. ისე უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს, პარლამენტი გაცდენების მეტს არაფერს აკეთებს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ჩვენი ფრაქციისა და უმრავლესობის წევრებს, გაცდენების თემა საერთოდ არ ეხება. ეს „ნაციონალურ მოძრაობას" ეხება. „ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთ წარმომადგენელს პარლამენტში იმდენი გაცდენა აქვს, რომ ამის გამო მათი სახელიც კი არ მაგონდება", - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, საუბარი მხოლოდ თბილისში ჩატარებული სხდომების გაცდენებზე არ არის.
"გამოდის „ნაციონალური მოძრაობის" ერთი წარმომადგენელი, რომლის სახელიც არჩევნების გაყალბებასთან და თაღლითობასთან ასოცირდება და აცხადებს, რომ თურმე, თბილისში სხდომებს იმიტომ არ ესწრებოდნენ, რომ არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ. ეს ჯერ ერთი, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაა. გარდა ამისა, ამას ისე ამბობს, თითქოს, მარტო თბილისის პარლამენტის სხდომების გაცდენებზეა საუბარი. როცა უნდოდათ, ძალიან კარგადაც მოდიოდნენ და მონაწილეობას კენჭისყრაშიც ღებულობდნენ", - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.