ახალციხეში გარდაცვლილი 27 წლის ექთნის ოჯახის ადვოკატებს თბილისში გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში ახალციხის კლინიკიდან წამოღებული სამედიცინო ისტორიის ნაწილი გადაეცათ.
როგორც ადვოკატებმა ჟურნალისტებს განუმარტეს, ეს დოკუმენტაცია არაა სრული და არ ასახავს იმ პროცედურებს, რაც გარდაცვლილ მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციამდე ჩაუტარდა.
უფლებადამცველები ხვალ, ახალციხის კლინიკაში ჩავლენ და სრულ სამედიცინო დოკუმენტაციას გამოითხოვენ.
„დღეს გადმოგვეცა სამედიცინო ისტორია ახალციხის კლინიკიდან, თუმცა არ არის სრული დოკუმენტაცია.
ამასთან საჭიროა არამარტო კონკრეტულად ამ შემთხვევის სამედიცინო ისტორია, არამედ მეგის წინა მკურნალობის სამედიცინო ისტორიებიც, რაც არაა ამოღებული.
როგორც გამოძიება აცხადებს, ეს კონკრეტულად ის დოკუმენტებია, რაც მათ გადასცეს და საქმეში აქვთ.
ჩვენ ხვალ გამოვითხოვთ კლინიკიდან სამედიცინო ისტორიას. გამომძიებლის ინფორმაციით, ჩატარებულია ახალციხის მედპერსონალის გამოკითხვა, თუმცა ეს დოკუმენტაცია ჩვენთვის არ გადმოუციათ“, - განაცხადა ვახტანგ ბარამაშვილმა.