logo_geo
eng_logo
2006 წელს, ე.წ. კორტების სპეცოპერაციისას მოკლული ალექსანდრე ხუბულოვის ოჯახისთვის სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა
- +

30 მარტი. 2021. 12:32

 

ე.წ. კორტების სპეცოპერაციისას მოკლული ალექსანდრე ხუბულოვის ოჯახის სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სახელმწიფოს გარდაცვლილის ოჯახისთვის 50 000 ლარამდე კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

 

მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე ალექსანდრე ხუბულოვის ოჯახის სარჩელი მოსამართლე ნათია ტოგონიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შესაბამის უწყებებს, დაევალა როგორც ერთჯერადი კომპენსაციის გადახდა 49 500 ლარის ოდენობით, ასევე ხუბულოვის შვილებისთვის, როგორც მარჩენალდაკარგულთათვის, სრულწლოვან ასაკამდე  ყოველთვიური სარჩოს გადახდა, თითო შვილზე 159 ლარის ოდენობით.

 

ამ გადაწყვეტილებით, მოკლულის ოჯახის ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ადვოკატი კომპენსაციის სახით 100 000 ლარის გადახდას და სრულწლოვან ასაკამდე შვილებისთვის ყოველთვიური თანხის გადახდას ითხოვდა.

 

მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე ადმინისტრაციული დავა ალექსანდრე ხუბულოვის ოჯახმა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2006 წელს ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის იანვარში ყოფილი სამართალდამცველები დამნაშავედ ცნო.

 

„სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, რომ ოჯახს აუნაზღაუროს ერთჯერადი კომპენსაცია. გარდა ამისა, ჩვენ სასამართლოში მივაღწიეთ იმ შედეგს, რომ სახელმწიფო ვალდებული იქნება, გარდაცვლილის შვილებს სრულწლოვან ასაკამდე დაუნიშნოს ყოველთვიური სარჩო.

 

ეს ამ თვალსაზრისით, პრეცედენტული გადაწყვეტილებაა და მიგვაჩნია, რომ ქართულმა სასამართლომ ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა წინა ხელისუფლების პირობებში სისტემური დანაშაულის ფაქტი, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სიცოცხლის ხელყოფას ჰქონდა ადგილი. კორტების სპეცოპერაციიდან გამომდინარე, დაზარალებულია ორი ოჯახი – ხუბულოვების და ვაზაგაშვილების. ვაზაგაშვილების ოჯახმა მიმართა ევროსასამართლოს და იქ გადაწყდა ამ ოჯახის რესტიტუციის საკითხი, ხოლო ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება პირველი შემთხვევაა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ, როდესაც ევროსასამართლოს დასკვნების და მიდგომების პარალელურად, ქართულმა სასამართლომ ხუბულოვების ოჯახის ნაწილში იმსჯელა სიცოცხლის მოსპობის და შედეგად, ოჯახის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით. ჩვენ გავეცნობით დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და გასაჩივრებაზე ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა.

 

https://1tv.ge/news/sasamartlos-gadawyvetilebit-sakhelmwifos-e-w-kortebis-specoperaciisas-mokluli-aleqsandre-khubulovis-ojakhistvis-kompensaciis-gadakhda-daekisra/

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner