„თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" ახალი სახეების წარდგენის შემდეგ განუცხადა, რომ გახარებულია, როგორც მოქალაქე, როგორც ამ ქვეყნის შვილი, როდესაც ნახა ასეთი ახალგაზრდა პროფესიონალების გუნდი.
მისი თქმით, ამ ახალგაზრდებმა დაამთავრეს მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლები, იმუშავეს მსოფლიოს სხვადასხვა გამოცდილ ორგანიზაციებში და ისინი დღეს არიან შეკრებილი ერთად იმისთვის, რომ ემსახურონ ჩვენს ქვეყანას.
„სადაც ასეთი გუნდია, მე ვარ იქ. მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ მხარს ვუჭერ გიორგი კვირიკაშვილს, მის ხედვას, მის გუნდს. ყველა უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ავაშენოთ და გავხადოთ ძლიერი", - განაცხადა ხაზარაძემ.
კითხვაზე, ხომ არ გეგმავს პოლიტიკაში წასვლას, ხაზარაძემ განაცხადა, რომ ის პოლიტიკისგან შორს არის და ყოველთვის აკეთებს თავის საქმეს.
„მაგრამ როდესაც ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი წყდება, იქ ყველა უნდა გამოვიდეს და თავისი სათქმელი თქვას. მე დღეს აქ ვდგავარ და მხარს ვუჭერ გიორგი კვირიკაშვილს და მის გუნდს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.