logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: დღეს ვიღაცაზე „გავისეირნეთ“ და დაგვავიწყდა, მერე სხვაზე „გავისეირნებთ“ - ეს არასწორია და ეს არ არის ჟურნალისტიკა!
- +

1 მაისი. 2021. 15:39

 

 

„მე მჯერა, რომ კარგმა ჟურნალისტიკამ, კარგმა ტელევიზიამ შეიძლება ჩვენი სამყარო უკეთესი გახადოს“, - ეს სიტყვები ცნობილ ბრიტანელ-ირანელ ჟურნალისტს, „სიენენის“ სახეს ქრისტიან ამანპურს ეკუთვნის...

 

არაერთხელ მოგვისმენია სხვადასხვა ეთერებიდან, როგორ იგინებიან და ილანძღებიან წამყვანები, როგორ ბილწსიტყვაობენ და მკრეხელობენ ჟურნალისტები და ამ ყველაფერს თავისუფალი სიტყვის ეგიდით აკეთებენ... დღევანდელი ჟურნალისტიკა, მეტწილად, სასამართლოს ფუნქციასაც ითავსებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში, მტკიცებულებებისა და ფაქტების გარეშე გამოაქვს კონკრეტული თემა, პიროვნება, საკითხი ხალხის სამსჯავროზე - დღეს „მოსულა“, ადამიანი მიწასთან ისე გაასწორო, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არაფრად ჩააგდო; სიუჟეტებში ახალგაზრდების ცხედრები ნაწილ-ნაწილ აჩვენო და ისე ჩაატარო ე.წ. ჟურნალისტური გამოძიება, რომ არ გაუფრთხილდე გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ფსიქიკას, მათ ისედაც მძიმე მდგომარეობას - მთავარია, სკანდალი ააგორო და გადაცემა რეიტინგული, ყურებადი გახადო... აქ კი ისევ ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის, „სიბიესის“ გადაცემების წამყვანის, დენ რეზერის სიტყვები მახსენდება - „რეიტინგები დიდხანს არ გრძელდება, კარგი ჟურნალისტიკა - კი“.

 

 

თემაზე სასაუბროდ „რეპორტიორი“  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილს დაუკავშირდა და დაინტერესდა, რას ფიქრობს ის დღევანდელ ქართულ ჟურნალისტიკაზე? გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

 

- სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ქართულ ჟურნალისტიკას, საბჭოთა ცენზურის შემდეგ, თავისუფალი ჟურნალისტიკის რელსებზე გადაწყობა ძალიან გაუჭირდა. ფაქტობრივად, ვერც გადაეწყო და ჩვენ, თავისუფალი ჟურნალისტიკის და ჟურნალისტების მაგივრად, სამწუხაროდ, მივიღეთ თავაშვებული ჟურნალისტიკა და ჟურნალისტები. სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენ, ჟურნალისტები, გამოვდექით ამ თვალსაზრისით ყველაზე უპასუხისმგებლოები. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ სხვებზე - მთლიანობაში ვსაუბრობ, მრავლობითში და ჩემს თავს ამ პროცესებისგან განზე არ დავაყენებ. იმ პერიოდში, როდესაც ცენზურა არსებობდა, ჟურნალისტებს აძლევდნენ შესაბამის განათლებას, რადგან მაშინდელი სისტემისთვის მნიშვნელოვანი იყო კვალიფიციური და მცოდნე ჟურნალისტი, მიუხედავად იმისა, რომ ის კონკრეტული რეჟიმის სამსახურში იდგა და ეს ყველას ძალიან კარგად ესმოდა. დღეს, სამწუხაროდ, აღარ არის მასობრივ მაღალკვალიფიციურობაზე მოთხოვნა...  რესპონდენტის პასუხებს არ უსმენენ, არ შეუძლიათ, რესპონდენტთან ერთად გადაცემაში დიალოგის იმგვარად წარმართვა, რომ მაყურებლისთვის შეკითხვაც საინტერესო იყოს და პასუხიც და, ამასთან, მან თუნდაც რაიმე ცოდნა, ინფორმაცია მიიღოს ამ ყველაფრისგან. ჟურნალისტიკა გადაიქცა მანიპულაციის იარაღად პოლიტიკოსების ხელში!

 

-კონკრეტულად რას გულისხმობთ?

 

-ნებისმიერ პოლიტიკოსს სურს, რომ ჟურნალისტები მის მიმართ კეთილგანწყობილები იყვნენ... ეს კი ასე არ გამოდის - ჟურნალისტები პოლიტიკურ ბრძოლებში არიან ჩათრეულები, ხოლო პოლიტიკოსები ჟურნალისტებს ამარაგებენ ინფორმაციებით თავიანთი თანაპარტიელის, ან სხვა პარტიების წარმომადგენლების დისკრედიტაციის მიზნით. მე ამას მართლა გულისტკივილით ვამბობ, რადგან საბოლოო ჯამში, დღეს ჟურნალისტების და ჟურნალისტიკის მიმართ ნეგატიურმა განწყობამ უმაღლეს ნიშნულს  მიაღწია. დღეს ვიღაცაზე „გავისეირნეთ“ და დაგვავიწყდა, მერე სხვაზე „გავისეირნებთ“, გააჩნია, შეკვეთა როგორი იქნება - ეს არასწორია და ეს არ არის ჟურნალისტიკა! ეს არის პროპაგანდა!  დღეს საქართველოში მასობრივი ინფორმაციის საშუალებები პროპაგანდის ინსტრუმენტად არის გადაქცეული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner