ლასო აბუთიძის მკვლელობაში ბრალდებულებს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 29 წლის ლასო აბუთიძე მოკლეს.
ლასო აბუთიძის მკვლელობაში ბრალდებული იური ქურციკიძე დანაშაულს აღიარებდა, ვლადიმერ სამხარაძე კი ამბობდა, რომ მათ აშველებდა და დანაშაული არ ჩაუდენია.
ყველაფერი ერთი უწყინარი საღამოთი დაიწყო. ლასო აბუთიძე ამბროლაურში კოტეჯებს აქირავებდა. ერთ-ერთი კოტეჯი ახალგაზრდა ქალებმა იქირავეს. მათ ახლობლად სახლში, სარემონტო სამუშაოებზე 19 წლის ბიჭები მუშაობდნენ.
არსებული ინფორმაციით, მათ აბუთიძის მდგმურების გაცნობა გადაწყვიტეს, ქალებმა კი პასუხი არ გასცეს. იური ქურციკიძე და ვლადიმერ სამხარაძე, რომლებიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, გაღიზიანდნენ და ახალგაზრდებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მდგმურებმა კოტეჯის მეპატრონეს, ლასო აბუთიძეს დაურეკეს და ისიც მივიდა.