logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა
- +

20 მაისი. 2021. 11:18

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულ, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს, ქ. თბილისში, სარდაფის ტიპის ნაგებობაში მოწყობილი ჰქონდა კუსტარული საამქრო, რომელშიც სისტემატურად ახდენდა სხვადსხვა ტევადობის ჭურჭელში სადეზინფექციო საშუალებების დამზადებას, დაფასოებასა და მის შემდგომ რეალიზაციას.

 

გამოძიების პროცესში, სასამართლო განჩინების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვები, ჩატარდა ჩხრეკა კომპანიის ობიექტში, რის შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით დაფასოებული სადეზინფექციო საშუალებები.

 

ქიმიური ექსპერტიზების თანახმად, სადეზინფექციო საშუალებებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა, კერძოდ პროდუქცია არ შეიცავს მისსავე ეტიკეტზე მითითებულ შესაბამის ნივთიერებებს.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

right_banner right_banner
არქივი
right_banner