„კვირასთან“ საუბრისას „გირჩის“ ლიდერი, დეპუტატი იაგო ხვიჩია რუსთაველის თეატრის დასის რუსეთში გამგზავრების საკითხს აფასებს.
პოლიტიკოსი რუსთაველის დასის ჩეხოვის სახელობის ფესტივალში მონაწილეობაში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მისთვის გაუგებარია.
„ეს არაფერს ნიშნავს. თეატრი მიდის რუსეთში და ამაში გასაკრიტიკებელს ვერაფერს ვხედავ. ბევრი ღირსეული ქართველი დადის და ცხოვრობს იქ. ის რომ საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებს, გაუგებარია. პატარა ბავშვებივით, ყველას, ვინც რუსეთში მიდის, „მოსყიდულს“ ვეძახით, არასწორია. თუ ვიცით, რომ ვინმე რაღაც ცუდ საქმეს აკეთებს, სხვა საქმეა. მაგრამ იმაში, რომ ქართული თეატრი მიდის რუსეთში, პრობლემას ვერ ვხედავ“, – განუცხადა „კვირას“ ხვიჩიამ.
ცნობისთვის, რუსთაველის ეროვნული თეატრი 2021 წელს ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე (მოსკოვი) წარადგენს რობერტ სტურუას სპექტაკლს „თამაშის დასასრული“. სპექტაკლი წარდგენილი იქნება 30 ივნისს და 1, 2 ივლისს.