პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, შეფასება იმის თაობაზე, რომ სასამართლო რეფორმას პრეზიდენტის გარდა, სხვა გულშემატკივარი არ ჰყავს, უსამართლოა.
დეპუტატი ვერ აკონკრეტებს, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის თაობაზე კენჭისყრას სექტემბერში გამართავს თუ არა.
მისი თქმით, ისეთი კანდიდატები უნდა იყოს წარმოდგენილი, რომელთაც მაღალი ნდობა ექნებათ და მათ მიმართ კითხვები არ იქნება.
დეპუტატი ამბობს, რომ მოსამართლეების დამტკიცებას, მაღალი კვორუმით 76 დეპუტატის ხმა სჭირდება, შესაბამისად, საჭიროა, კანდიდატებზე მსჯელობა.
„რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, იმის თქმა, რომ პრეზიდენტის გარდა, ამ რეფორმას სხვა გულშემატკივარი არ ჰყავს, მე ვიტყოდი, რომ ეს უსამართლო შეფასებაა, რადგან ხელისუფლებისთვის სასამართლო რეფორმა მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.