„მწვანე მუშტის" დამფუძნებელი ლევან ლორთქიფანიძე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ, მთაწმინდის რაიონში დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს კენჭი, როგორც ჩანს გაახარა.
ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, არსებობს უამრავი მიზეზი იმისთვის, რომ მან სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭიროს.
„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საგონებელში გახლდით ჩავარდნილი. არჩევნების ბოიკოტის აზრი არასდროს მომსვლია თავში, მაგრამ ამ დრომდე ჩემი ხმის ღირსადაც არავინ მიმაჩნდა. ალბათ, მივიდოდი უბანზე და ბიულეტენს გადავხაზავდი.
დღეიდან ჩემი ფავორიტი მყავს. საარჩევნო ოლქში, რომელშიც დაბადებიდან ვცხოვრობ, კენჭს იყრის სალომე ზურაბიშვილი, საკმაოდ განათლებული, გამორჩეულად პრინციპული, თანმიმდევრული და საკუთარი ღირებულებების ერთგული მოქალაქე.
ვიცი, რომ სამწუხაროდ, ის ჩემ მსგავსად სოციალისტი არ არის. იმასაც ვაცნობიერებ, რომ იგი მემარცხენეთა მწვანე დღის წესრიგს არ იზიარებს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ დამოუკიდებელი დეპუტატი ზურაბიშვილი იქნება ზეიდეოლოგიური, ყველა სოციალური ფენისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური პოზიციების სერიოზული დამცველი.
კერძოდ, ის გააძლიერებს საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას და ევროპულ პარლამენტებთან თანამშრომლობის ტენდენციას. საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი აუცილებლად იქნება მრავალათასიანი, ხმაწართმეული, დავიწყებული, პოლიტიკური იდენტობის გარეშე დარჩენილი, საქართველოს პოლიტიკური სისტემის მიერ დაჩაგრული და გარიყული ქართული ემიგრაციის ხმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. ეჭვი არ მეპარება, რომ კანონმდებლად არჩევის შემთხვევაში, ქ-ნო სალომე არ დაგვამადლის განათლების კანონში ცვლილებების ინიცირებას და მხარს დაუჭერს სტუდენტური მოძრაობების მოთხოვნებს. იმედია, რომ მთაწმინდის ურბანული პრობლემებიც (ტრანსპორტი, ჰაერის დაბინძურება, მშენებლობის რეგულაციები) მოხვდება მის თვალსაწიერში.
რაც მთავარია, ზურაბიშვილი უპარტიო კანდიდატია. იმედია, ბევრს ეყოფა გამბედაობა და მის სასარგებლოდ მოხსნის კანდიდატურას.
სახლში ხუთნი ვართ, მშობლებთან და ორ დასთან ერთად ვცხოვრობ. ხუთივემ სხვადასხვა დროს შევიტყვეთ ეს ახალი ამბავი. როგორც ვაკვირდები, ხუთივეს გაგვიხარდა...
წარმატებებსა და ჩემი იმედების გამართლებას ვუსურვებ!"
სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში მთაწმინდაზე დამოუკიდებელი კანდიდატად იყრის კენჭის.