პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე თურქეთში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს:
„ბუნებრივია შეშფოთებული ინტერესი(!) იმ ცვლილების მიმართ, რაც თურქეთში უკვე ხდება და, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში კვლავაც განხორციელდება.
თვალნათლივ ჩანს, რომ თურქეთის ხელისუფლება თანდათან უარს ამბობს ქემალიზმზე და განვითარების ახალ გზას ნეოსმანურ იდეოლოგიაზე აფუძნებს, თუმცა, არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ათათურქი დემოკრატიის შუქურა იყო, ხოლო ქემალიზმი - პროსპექტი დემოკრატიისკენ.
ათათურქი ნაციონალისტურ სახელმწიფოს აშენებდა - თურქეთს მხოლოდ თურქებისთთვის, ხოლო ქვეყნის ეგრეთ წოდებული ევროპეიზაცია მას სჭირდებოდა უკიდურესად ჩამორჩენილი სახელმწიფოს მოდერნიზაციისთვის, რასაც თურქული ნაციონალიზმი უნდა დაფუძნებოდა.
დღეს თურქეთი ერთ-ერთი ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით წარმატებული და ძლიერი ქვეყანა გახდა და მისმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მოვიდა დრო, როდესაც თურქეთმა უნდა დაიბრუნოს ძველი დიდება, ისევ ჩაუდგეს სათავეში ძველ ოსმანურ სამყაროს, გახდეს რეგიონში მთავარი მოთამაშე, ისლამური სამყაროს ლიდერი და ანგარიშგასაწევი ძალა მსოფლიოს მასშტაბით.
თურქეთში მიმდინარე პროცესები გარეგნულად ათათათურქის გზაზე უარის თქმას ჰგავს, თუმცა, თავისი არსით ძლიერი თურქეთის აღორძინებას ისახავს მიზნად და ათათურქის დაწყებულ საქმეს აგრძელებს.
თურქეთის და რუსეთის უახლესი ისტორია და, ალბათ, სამომავლო გეგმებიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს. სადღაც ორ კვირაში ამ ორი ნაჩხუბარი და ახალშერიგებული ქვეყნის პრეზიდენტები შეხვდებიან ერთმანეთს და ეტყვიან მსოფლიოს, როგორ ხედავენ მოვლენათა შემდგომ განვითარებას. ამის მერე ბევრი რამ გახდება ნათელი.
რამდენიმე ასეული წელია კავკასია ამ ორი იმპერიის ინტერესების გადაკვეთის ადგილია, ხან იყოფენ, ხან ისევ თავიდან იყოფენ! თუმცა, მათ საერთო ინტერესში შედის, რომ აქ მესამე ძალამ არ მოიკიდოს ფეხი.
დანარჩენი „ქართლის ცხოვრებაში" წერია დაწვრილებით!
ამ არშემდგარი გადატრიალების შემდეგ უკვე ჩანს, რომ:
ერდოღანმა ქვეყნის შიგნით ხელში აიღო ძალაუფლების ყველა ბერკეტი, ქვეყნის შიგნით მას საფრთხე აღარ ემუქრება და ახლა საშუალება აქვს, რომ მთლიანად საგარეო საქმეებით დაკავდეს.
თურქეთში და მის გარეთ ნეოოსმანიზმის კიდევ უფრო აქტიური პროპაგანდა და დამკვიდრება დაიწყება.
ერდოღანი არის მუსლიმი ძმების უპირობო ლიდერი. თურქეთი სულ უფრო ინტენსიურად მოახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ევროპისგან და ამერიკისგან დამოუკიდებლად მოქმედებს, რაც გაზრდის მის ავტორიტეტს ანტიდასავლურად განწყობილ მუსლიმურ სამყაროში.
P.S. თურქეთი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეზობელია, ამიტომ კარგად უნდა შევისწავლოთ ნეოოსმანიზმი, რასაც ეფუძნება თურქეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკა", - წერს ვასილ მაღლაფერიძე.