logo_geo
eng_logo
დინა მირცხულავა: მუზა ცოტა ისეთი რამაა, განაწყენება იცის და ბევრი გაქცეული მუზა მყოლია...
- +

6 აგვისტო. 2021. 17:26

 

 

„ხშირად მპარავენ ნაწერებს. ადრე მეცინებოდა, მაგრამ ახლა ძალიან მტკივა ეს ამბავი. არის ბევრი ნოველა, რომლებიც ხალხს მისი  დაწერილი ჰგონია, ვინც მოიპარა და გამოაქვეყნა. მოვიძიე, ისჯება თუ არა ასეთი ვინმე ჯარიმით თუ სხვა ფორმით, მაგრამ ვერ ვნახე“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა და მწერალმა დინა მირცხულავამ ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ მწერლები ყველაზე დიდი მატყუარები ვართ. ყველაზე დიდ ტყუილს ვფუთავთ, მაგრამ იქიდან რომ რაღაც არ გეხებოდეს, წარმოუდგენელია. მერე იმ პატარა რაღაცას ვაზვიადებთ და გამოდის ის, რაც გამოდის, ანუ გამზვიადებლები ვართ. 

 

ყოფილა შემთხვევა, მეგობარს რაღაც მოუყოლია და მიფიქრია, რომ რა კარგი იქნებოდა, მე რომ ეს გადამხდენოდა და დამიწერია. ასე რომ, ყველაფერი საიდანღაც მოდის.

 

ვწერ ყველგან - მეტროში, ავტობუსში, სამზარეულოში... მომივა ერთი ფრაზა და ჩქარა უნდა ჩავინიშნო, თორემ მუზა ცოტა ისეთი რამაა, განაწყენება იცის და ბევრი გაქცეული მუზა მყოლია.

 

ერთი უცნაურობა მჭირს და კარგი იქნება, თუ გადავეჩვევი. არასოდეს ვკითხულობ, რა დავწერე, მაშინვე ვაქვეყნებ. არადა, მწერლები და პოეტები ამბობენ, რომ ნაშრომმა ერთი ღამე მაინც უნდა გაათენოს შენთან ისე, რომ არსად გამოქვეყნდესო. მე კი ეს არ შემიძლია, მაშინვე ვტვირთავ სოციალურ ქსელში.

 

ხშირად მპარავენ ნაწერებს. ადრე მეცინებოდა, მაგრამ ახლა ძალიან მტკივა ეს ამბავი. არის ბევრი ნოველა, რომლებიც ხალხს მისი  დაწერილი ჰგონია, ვინც მოიპარა და გამოაქვეყნა. მოვიძიე, ისჯება თუ არა ასეთი ვინმე ჯარიმით თუ სხვა ფორმით, მაგრამ ვერ ვნახე.

 

გახმაურებული შემთხვევა იყო ერთი, როდესაც საკმაოდ შემდგარი ქალბატონი სამედიცინო სფეროდან იპარავდა ჩემს ნაწერებს და თავისად ასაღებდა. ამის გამო ძალიან რთული პერიოდი დაუდგა მასაც და მეც ვინერვიულე. გამოვიდა ისე, რომ ეს ადამიანი ჩემმა მკითხველებმა გაანადგურეს და მეც მათ შორის.

 

უბრალოდ სხვა გზა არ იყო, რადგან ვერ გრძნობდა, რას სჩადიოდა. მეუბნებოდა, ავტორი არ ეწერა და არ ვიცოდი, რომ შენი იყოო. იცით, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვისი იყო. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ეს ადამიანი იფერებდა, როცა ეუბნებოდნენ, საოცრად წერო.

 

აღმოჩნდა, რომ ერთი წელი აქვეყნებდა თავის გვერდზე ჩემს ნაწერებს. მერე კი, რომელიღაც ჩემმა მეგობარმა იპოვა და ატყდა ამბავი. მერე ჩარევები დაიწყო ჩემი და მისი ოჯახის მხრიდან და რაღაცნაირად დავივიწყეთ ეს თემა.

 

სოციალური ქსელი ძალიან უკონტროლო სივრცეა. ხანდახან არ მინდა, „მომპარავი“ გავანაწყენო, რადგან შეიძლება პირველწყარო სულაც არ არის და მეათე ან მეასეა. ამიტომაც აუცილებელია, გქონდეს წიგნი, სადაც აკინძული იქნება ეს ყველაფერი და ვეღარ მოგპარავენ“, - აცხადებს დინა მირცხულავა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner