logo_geo
eng_logo
ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი ამ ეტაპზე არ და ვერ განიხილება
- +

23 ივლისი. 2016. 14:17


პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ  დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი ამ ეტაპზე არ და ვერ განიხილება. მისივე თქმით, საქართველო არ შეეგუება იმ რეალობას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშია შექმნილი.



„სამწუხაროდ, არანაირი წინსვლა არ არის ყველაზე რთულ საკითხებთან მიმართებაში, მხედველობაში მაქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემები და ამ პრობლემებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები, რომლებიც განიხილება უმთავრესად ჟენევის კონსულტაციების ფორმატში. თუკი რუსეთის მხარეს ექნება პოლიტიკური ნება, ჩვენ მზად ვართ, ერთობლივად გადავდგათ ნაბიჯები ამ ყველაზე რთული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარების თვალსაზრისით. იმ რეალობას, რაც შექმნილია აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, საქართველო არანაირად არ შეეგუება და ჩვენ ამას ყველგან ხაზგასმით აღვნიშნავთ, მათ შორის რუს კოლეგებთან ჩვენი კონტაქტების დროსაც. რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ და ვერ განიხილება, იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც შექმნილია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მაგრამ თუკი მოხდება სერიოზული წინსვლა და პროგრესი ამ ყველაზე რთული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარების თვალსაზრისით, რაღაც ეტაპზე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, მაგრამ არა ახლა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.



ზურაბა აბაშიძის თქმით, რუსეთთან მიმართებაში არსებობს მთელი რიგი პრაქტიკული საკითხები, სადაც გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა.


„ბოლო 3 წლის მანძილზე, ჩვენ აღვადგინეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, ხელს ვუწყობთ ტურიზმის განვითარებას, ვაგვარებთ გარკვეულ ჰუმანიტარულ პრობლემებს, გარკვეულწილად ასევე გამარტივდა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთში მიემგზავრებიან, ასე რომ, პრაქტიკული მიმართულებებით, ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ერთ-ერთ ადგილობრივ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის ინიციატივა თბილისიდან უნდა წამოვიდეს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner