„მიუხედავად იმ საფრთხეებისა, რომელიც საქართველოს რუსეთის მხრიდან ემუქრება, საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევა არ შეუწყვეტია. უფრო მეტიც, საქართველოს არაერთი წარმატება ადასტურებს იმას, თუ რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს,“ - წერს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი სტატიაში სათაურით „ახლა, როგორც არასდროს, აშშ-მა უნდა დაადასტუროს თავისი ერთგულება საქართველოს მიმართ“.
„არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახდენს. რუსეთის „მცოცავმა ანექსიამ“ და უკანონო „ბორდერიზაციამ“ ომის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ქართული ტერიტორია დაიპყრო. გარდა ამისა, რუსეთის პირდაპირი და ირიბი ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც მოიცავს კიბერშეტევებს, დეზინფორმაციულ კამპანიებსა და პროპაგანდას, მიზნად ისახავს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შერყევას და საქართველოს, როგორც მოსკოვი ამას მიიჩნევს, მისი „გავლენის სფეროს“ ფარგლებში შენარჩუნებას. ეს აგრესია მიუღებელია და უარყოფს საქართველოს სუვერენულ უფლებას განსაზღვროს თავისი გზა, რომელსაც ის ირჩევს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გასაწევრიანებლად. რეგიონში რუსეთის მავნე საქმიანობა საშიშია და კვლავ იზრდება. მოსკოვის სამხედრო აგრესია უკრაინაში და მის შემოგარენში და ყირიმისა და შავი ზღვის მილიტარიზაცია პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოს უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობასა და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში მომავლის იმედზე“, - წერს ფილიპ ბრიდლავი.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველო გამოცდილი და საიმედო პარტნიორია, ხოლო ქართველი ჯარისკაცები მამაცურად მსახურობდნენ როგორც ერაყში, ასევე ავღანეთში.
„კავკასიის რეგიონის ამ პატარა სახელმწიფომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და მსხვერპლი გაიღო დასავლეთისა და მისი სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატებისათვის. საქართველოს როგორც საერთაშორისო მოთამაშის როლი დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ახლახან საქართველომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბაქოსა და ერევანს შორის ტყვეების გაცვლის მოლაპარაკებებში. ის ქება, რომელიც საქართველომ დაიმსახურა, ადასტურებს ქვეყნის პოტენციალსა და საიმედოობას, როგორც კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული პარტნიორის“, - ნათქვამია სტატიაში.
გენერალი ფილიპ ბრიდლავი ასევე შეეხო საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს.
„საქართველოში ბოლოდროინდელმა შიდა მოვლენებმა არსებული პოლიტიკური პოლარიზაციისა და არასტაბილურობის ისედაც მყიფე მდგომარეობა გაამძაფრა. პოლარიზაცია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფუძეა. 19 აპრილის შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიზნად ისახავდა მხარეებს შორის ნდობის დამყარებასა და პოლარიზაციის დაძლევას. მისი გაუქმება სამწუხაროა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ბრიუსელისა და ვაშინგტონის მოწოდებების მიუხედავად, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რითაც ჭეშმარიტი შერიგებისკენ მიმავალი პროცესი შეაჩერა. საქართველოს წარმატებები რეფორმებში და დემოკრატიული პროცესების განვითარების მისი მოდელი ადასტურებს თანამოაზრე პარტნიორებთან მუშაობის წარმატებას და ეს ძალისხმევა იმსახურებს შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლელი პარტნიორების მუდმივ მხარდაჭერას. დესტაბილიზაცია საშიშ გზას ჰქმნის, რომელსაც კრემლი გამოიყენებს. ამ მიზნით, საქართველოს მომავალი მუნიციპალური არჩევნები ადგილობრივ წარმომადგენლობას უნდა ეფუძნებოდეს, რაც დემოკრატიის ხერხემალია. საშინაო პრობლემების მიუხედავად, ეს მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოსთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ერთგულება და პარტნიორობა საქართველოს მიმართ, როგორც სოლიდარობის სიმბოლო. უსაფრთხოების და დემოკრატიისათვის ერთობლივი მუშაობა სარგებელს მოუტანს საქართველოს, ისევე როგორც შეერთებულ შტატებსა და ევროპას, რაც მიზნად ისახავს ძლიერი, საიმედო და სანდო ურთიერთობების განვითარებას შავი ზღვის რეგიონის ამ მნიშვნელოვან პარტნიორთან“, - განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა.