logo_geo
eng_logo
ჯანდაცვის სამინისტრომ და ცესკომ არჩევნებისთვის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს
- +

10 აგვისტო. 2021. 12:45

 

 

ჯანდაცვის სამინისტრომ და და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებისთვის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, სამოქმედო გეგმა პირველ ეტაპზე იმ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ვაქცინაციას გულისხმობს, რომელთაც ვაქცინაციაში ჩართვის სურვილი აქვთ.

 

კალანდარიშვილის თქმით, საუბარია საკმაოდ მასშტაბურ ღონისძიებებზე, რაშიც ცესკოსთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წვლილი და როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

 

დღეს კალანდარიშვილი ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა.

 

„დღეს ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, რომელიც შეეხებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების ვაქცინაციას. ვისაუბრეთ ამ საკითხის ლოჯისტიკურ გადაწყვეტაზე და შევთანხმდით გარკვეულ სამოქმედო გეგმაზე ამ მიმართულებით. საუბარი არის საკმაოდ მასშტაბურ ღონისძიებებზე, რაშიც ჩვენთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წვლილი და როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. განსაკუთრებით იმ პოლიტიკური პარტიების, რომელთაც საარჩევნო კომისიაში აქვთ უფლებამოსილება დანიშნონ კომისიის წევრები. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ იმ კოვიდრეგულაციებთან მიმართებაში, რომლის დადგენაც ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციების საფუძველზე მოუწევს საარჩევნო ადმინისტრაციას. საუბარია ოთხ მნიშვნელოვან კანონქვემდებარე აქტის განახლებაზე, რომელზეც ჩვენ ჯანდაცვის უწყებასთან ერთად ვმუშაობთ. მათ შორის ეს აქტები უკვე დაეგზავნა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მაღალი ინკლუზიურობით ჩვენ კიდევ ერთხელ შევქმნით იმ სამართლებრივ ბაზას, რომელიც მოაწესრიგებს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება კენჭისყრის დღისთვის და იმისთვის, რომ ამომრჩეველს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში შეეძლოს ხმის მიცემა და თავისი ნების გამოვლენა. სამოქმედო გეგმა გულისხმობს, რომ პირველ ეტაპზე განხორციელდეს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ვაქცინაცია, ბუნებრივია, იმ კომისიის წევრების, ვინც თავიანთი ნებით გამოხატავენ ამ პროცესში ჩართვის სურვილს“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

 

მისივე თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში ცნობიერების ამაღლებაზე, რომ კომისიის ყველა წევრს ჰქონდეს შესაძლებლობა და წვდომა ვაქცინაციაზე და ამ პროცესის სარგებელზე.

 

„ასევე, ვისაუბრეთ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საარჩევნო ადმინისტრატორები როგორც საოლქო, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის დონეზე გამოთქვამენ თავიანთ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომ ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთონ. ჩვენ გასულ წელს ჩართულ მხარეებთან ერთად კარგი პრაქტიკა ჩამოგვიყალიბდა კოვიდპანდემიასთან მიმართებაში და მოგეხსენებათ, რომ პანდემია არსად არ წასულა და ჩვენ კვლავ ვდგავართ ამ დიდი და მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, ამიტომ პირველ რიგში აუცილებელია, რომ შესაბამისი სამართლებრივი ბაზა არსებობდეს, რომელიც მოაწესრიგებს სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს - ერთი მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის განსაზღვრავს და დაადგენს კონკრეტულ მოთხოვნებს, რომ კენჭისყრის დღეს შესაბამისი უსაფრთხოების საკითხები იქნეს გათვალისწინებული და მეორე მხრივ, განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომლის დაცვაც აუცილებელი იქნება საარჩევნო ადმინისტრატორების მხრიდან ასევე საარჩევნო პროცესში ჩართული პირებისგან, რომლებსაც კენჭისყრის დღეს შენობაში ყოფნის უფლება ექნებათ", - განაცხადა კალანდარიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner