logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ერთადერთი გზა იმისა, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური განვითარება და ზრდა, არის სწორედ ვაქცინაცია - ამაზე გადის ჩვენი ქვეყნის განვითარება
- +

10 აგვისტო. 2021. 16:07

 

 

„ევროპული სტანდარტების შემოტანა უნდა დავიწყოთ და უკვე დავიწყეთ მასშტაბური პროექტების განხორციელება, როგორიც არის ურბანული განახლების პროექტები, რეგიონების განახლება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დმანისში „ქართული ოცნების“ დმანისის მერობის კანდიდატის კობა მურადაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა ევროპული ტიპის ცენტრები, რომლებიც შემდგომ წლების განმავლობაში უკვე სოფლად გადავა.

 

ამასთან, მისივე თქმით, ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა ახალი ტურისტული ადგილები, ახალი რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკვერები და ა.შ. რომელიც დამატებითი მიზიდულობის ცენტრი გახდება მოქალაქეებისთვის, დასვენების საშუალება იქნება და რაც მთავარია, ტურისტებისთვის, რომლებიც უფრო მეტად ჩამოვლენ ჩვენს ქვეყანაში.

 

„იმ დროს, როდესაც ქვეყანაში საკმაოდ რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, ჩვენი ქვეყანა სავსეა ტურისტებით, ტურისტული ქალაქები, სასტუმროები არის გადატვირთული. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგიწოდოთ ყველას, რომ მთავრობამ რაც გააკეთა, რაც ევალებოდა, ეს იყო სწორედ ვაქცინების შემოტანა. ჩვენ შემოვიტანეთ 3 მლნ. ვაქცინა, მეგობრებო. მე პირადად ვარ აცრილი, ჩემი ოჯახის წევრები, ყველანი, გუნდის წევრები. ჩვენი სურვილი არის, რომ კანდიდატებიც ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რომ ყველა კანდიდატი იყოს აცრილი და ზოგადად, ჩავატაროთ კოვიდ-უსაფრთხო არჩევნები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკურ აღმავლობას შენარჩუნება სჭირდება და ამის ერთადერთი გზა სწორედ ვაქცინაციაა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვაქცინაციაზე პირდაპირ გადის ქვეყნის განვითარება.

 

„ჩაკეტვები არის დროებითი გამოსავალი. 1-2 თვე შეიძლება მოითმინოს კაცმა, მაგრამ შემდეგ კვლავ უნდა გახსნან, მუდმივად ვერ ამყოფებ ქვეყანას და მოსახლეობას ჩაკეტილ მდგომარეობაში, დამეთანხმებით ყველანი. ყველას გჭირდება სამუშაო ადგილი, ხელფასები, ყველამ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების და ზოგადად, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ამიტომ, კიდევ ერთხელ, მთავრობას გამოსავალი აქვს ნაპოვნი, ჩამოვიტანეთ ვაქცინები, საუკეთესო ვაქცინები და რაც მთავარია, უსაფრთხო. კიდევ ერთხელ, ყველას მოგიწოდებთ თხოვნით, რომ ავიცრათ! ეს არის უსაფრთხო. რაც მთავარია, ვაქცინა გვიცავს სიკვდილისგან. ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ჯანმრთელია და ამას ძალიან მარტივად გადაიტანს, მაგალითად, მეც მქონდა კოვიდი, იოლ ფორმებში, თუმცა ძალიან ბევრი ჯანმრთელი ადამიანი ვიცი, რომელსაც ძალიან გაურთულდა ინფიცირება და საკმაოდ რთულად მიმდინარეობს მათში ეს პროცესი და ბევრში, სამწუხაროდ, საუბედუროდ, ფატალურად, გარდაცვალებით დასრულება ეს პროცესი. აქედან გამომდინარე, დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, დავიცვათ ჩვენი მშობლების, ახლობლების სიცოცხლე, ამიტომ აუცილებელი არის აცრა. აცრა არის ძალიან მარტივი, როგორც სეზონური გრიპისას ჩვენი ვიცრებით, ანალოგიურად დამკვიდრდება ეს აცრები, ასეთი ინფორმაციები გვაქვს, ზოგადად, ასეთი ტენდენცია მიმდინარეობს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner