logo_geo
eng_logo
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნიკალური პროფესიული პროგრამა ამოქმედდა
- +

10 აგვისტო. 2021. 16:31

 

 

2021 წლის 6 აგვისტოს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც განიხილებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის – „ლაბორატორიის სამედიცინო ტექნიკური ასისტენტი“ პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების საკითხი. საბჭოს სრულმა შემადგენლობამ წარმოდგენილ პროგრამას პოზიტიური შეფასება მისცა.

 

აღსანიშნავია, რომ ეს არის უნიკალური საგანმანათლებლო-პროფესიული პროგრამა, რომელიც მხოლოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემუშავდა და ამოქმედდა. მან განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა დღეს, როდესაც მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში მძვინვარებს კორონავირუსის (COVID-19) ინფექციის პანდემია. აქედან გამომდინარე, უფრო მეტად აქტუალური გახდა ისეთი სპეციალისტების მომზადება, რასაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელთა (ბიოლოგიის დოქტორი მარინე ფოჩხუა) მიერ მომზადებული პროგრამა მოიცავს.

 

პროფესიული გადამზადების პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში, ასევე მედიცინის ბაკალავრის და ფარმაციის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

 

პროგრამის მიზანია, გადაამზადოს ბაკალავრები, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი, ლაბორატორიული მედიცინის კვალიფიციური კადრები, რომლებიც ეფექტურად დასაქმდებიან შრომის ბაზარზე.

 

მსმენელები მიიღებენ თეორიულ ცოდნას და გამოუმუშავდებათ პრაქტიკული უნარები ისეთ საკითებში, როგორიცაა პრეანალიტიკური ფაზის განხორციელება, ანალიზური ფაზის განხორციელება, სისხლის, შარდის და სხვა ბიოლოგიური სითხეების მაკროსკოპული და მიკროსკოპული (რაოდენობრივი გაზომვები) გამოკვლევა, პოსტანალიზური ფაზის განხორციელება, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, შრომისა და გარემოს დაცვის აუცილებლობის გათვალისწინება საქმიანობაში. ასევე, ლაბორატორიის მიმართ საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების მოთხოვნების უზრუნველყოფა; პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, ლაბორატორიული კვლევის განხორციელებისათვის საჭირო მატერიალური და შრომითი დანახარჯების განსაზღვრის პროცესში ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტის ასისტირება; სამუშაო ადგილის, მოწყობილობა-ინვენტარის, აპარატურის დასუფთავება-დეზინფექცია და მოვლა; სამუშაო გარემოს სანიტარიულ-ჰიგიენური ინსტრუქციების შესაბამისად შენარჩუნება; ტექნიკური ცოდნის გამოყენება მუშაობის პროცესში წამოჭრილი პრობლემების განსაზღვრისა და გადაჭრის მიზნით; პრობლემების გადასაჭრელად ინფორმაციის მოძიება, მისი კრიტიკულად გააზრება, სათანადო მიდგომის შერჩევა, ალტერნატიული შესაძლებლობების განხილვა-დასაბუთება; პროფესია გულისხმობს გამოკვლევების კლინიკური ღირებულებების ცოდნას. დაგეგმვის და მართვის გარკვეული ფუნქციების საკუთარ თავზე აღება ისეთ სამუშაო გარემოში, სადაც მოსალოდნელია არაპროგნოზირებადი ცვლილებები.

 

პროფესიული გადამზადების პროგრამაზე სწავლა ასევე შეუძლია შესაბამის სფეროში დასაქმებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამაზე დაშვების წინაპირობებს, პირს, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს ცოდნა აღნიშნული მიმართულებით, გაიუმჯობესოს პრაქტიკული უნარები და გახდეს კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრი ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად.

 

პროგრამაზე სწავლა განხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, პროგრამის ხანგრძლივობაა 24 კვირა.

 

ურთიერთთნამშრომლობის მემორანდუმების საფუძველზე სწავლება განხორციელდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ბიოტექნოლოგიების კვლევით ცენტრში, სსიპ „ევექს ჰოსპიტლების“ , შპს „ავერსის“-სა და დაავადებათა კონტროლის ლუგარის ლაბორატორიებში.

 

ლაბორატორიის სამედიცინო ტექნიკურ ასისტენტი შეიძლება დასაქმდეს ნებისმიერი შემდეგი ტიპის სამედიცინო ლაბორატორიაში: ზოგად კლინიკური, ბიოქიმიური, იმუნოლოგია-სეროლოგიური, მიკრობიოლოგიური, მოლეკულურ-გენეტიკური, (ჰისტოლოგია-ციტოლოგიური). ასევე, შეუძლია დასაქმდეს ექსპერტიზის ლაბორატორიაში, სისხლის ბანკში, ფლებოტომისტად შესაბამის პოზიციებზე.სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტრადიციულად ფეხს უწყობს დროისა და ბაზრის მოთხოვნებს და მუდამ ზრუნავს შესაბამისი, მაღალპროფესიონალი სპეციალისტების მომზადებაზე. აქტიური და ერთგული მხარდაჭერისათვის პროგრამის ხელმძღვანელი მადლობას უხდის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს, რომელიც მუდამ მზადაა იმ სიახლეების მისაღებად და დასანერგად საუნივერსიტეტო სივრცეში, რომელიც აუცილებლად წაადგება უნივერსიტეტისა და ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner