საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ საზღვრების, ტურიზმის, სასტუმროს ბიზნესის და სხვა მსგავსი სფეროების ჩაკეტვა ეკონომიკას დიდ დარტყმას მოუტანს. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით აისახება კონკრეტულ ოჯახებზე, რომლებიც ამ სფეროებში არიან ჩართული და იქ არიან დასაქმებულები.
„გუშინ ჩვენ გვქონდა კოვიდსაბჭო. ჩვენ განვიხილეთ ძალიან დეტალურად ყველა შესაძლებლობა. კვლავაც ვჯერდებით იმაზე, რომ დარგების ჩაკეტვა, საზღვრების ჩაკეტვა, ტურიზმის შეჩერება, სარესტორნო, სასტუმროს ბიზნესის გაჩერება, ამ ზაფხულის სეზონზე გამოიწვევს ძალიან დიდ დარტყმას ძირითადად ცალკეულ ოჯახებზე, ვინც ჩაბმულია ამ საქმიანობაში და ეს არის ისეთი დარგები, რომელიც ასაქმებს ძალიან ბევრ ადამიანს. ეს დაარტყამს ჩვენს ეკონომიკას, რომელმაც სულ ახლახანს დაიწყო გამოცოცხლება. ეს ხომ ჩვენი ადამიანის დასაქმებაა, ეს ხომ ადამიანების შემოსავლებია. ჩვენს ბიუჯეტს აღარ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მეორე, მესამე წელს სუბსიდია განახორციელოს, შეინახოს ოჯახები. ეს წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, არის საშუალება დღეს ეკონომიკამაც იფუნქციონიროს, ყველა აიცრას მაქსიმალურად და შესაბამისად, ეს პრობლემაც ასე იქნება გადატეხილი. ამას აკეთებს მთლიანად მსოფლიო და ამას ვაკეთებთ ჩვენ,“ - აცხადებს ნათია თურნავა.