logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: პარლამენტში მივიღეთ მრავალპარტიული რეზოლუცია, ასევე კვლევებიც აჩვენებს, რომ ევროპულ გზას ალტერნატივა არ აქვს
- +

13 აგვისტო. 2021. 14:45

 

 

„პარლამენტში მივიღეთ მრავალპარტიული რეზოლუცია, ასევე კვლევებიც აჩვენებს, რომ ევროპულ გზას ალტერნატივა არ აქვს - ეს არის ერთადერთი და ისტორიული არჩევანი ჩვენი ხალხისა,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ პარტია „ქართული ოცნების“ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის გივი ზაუტაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

 

კახა კუჭავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, თვალი გავუსწოროთ გამოწვევებს, რომელიც თითოეულ მოსახლეს ყოველდღიურად აქვს და ამ მხრივ ახალი მერის მთავარი საზრუნავი სწორედ ხალხთან უფრო ხშირი კომუნიკაცია და მოსახლეობის ინკლუზიურობის უზრუნველყოფილა უნდა იყოს.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ყვარლის მუნიციპალიტეტზე. კუჭავას შეფასებით, ამ მუნიციპალიტეტს კიდევ უფრო მეტი პოტენციალი აქვს და ამ პოტენციალის გამოყენება მხოლოდ ერთად დგომით არის შესაძლებელი.

 

„ყვარელში თვალს მოგწყვეტს აქ გაშენებული ვენახები, თხილის პლანტაციები, ფერმები. ეს მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულად გამოირჩევა შატოების სილამაზით, ვენახების მოვლით, სიკოხტავით, რომელიც, თვალსაჩინო ევროპულ ქვეყნებს ახასიათებთ და მეტიც, ჩემი აზრით, ამ კუთხით კონკურენციას გავუწევდით ბევრ გამორჩეულ, ევროპულ ქვეყანას. როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ ყაიდაზე, ევროპულ გზაზე, პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ ადამიანი, რომლის მშობლიური ქალაქიც ყვარელია, რომელიც ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. იგი ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოს ისტორიაში, რომელმაც თავის ნაშრომებში დაიწყო ჩვენი სახელმწიფოს ევროპული მომავლის ნარატივის გაჟღერება. ილია ჭავჭავაძემ შეძლო ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლება და ხედვის ჩამოყალიბება ჩვენი ქვეყნისთვის, თუ რისთვის უნდა ვიღწვოდეთ, სად უნდა მივდიოდეთ, და ეს დღეს კარგად ვიცით.

 

ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია ტურიზმი და ყვარელი როგორც შიდა, ისე გარე ტურიზმით ნამდვილად გამოირჩევა. სამოთხეა ზამთარშიც და ზაფხულშიც. ყველას შეუძლია, ჩამოვიდნენ და ისიამოვნონ არა მხოლოდ სილამაზით, რაც აქ გვხვდება, არამედ სტუმართმოყვარეობით, უმაღლესი ხარისხის სერვისით, პროდუქციით. ვიტყოდი, რომ ყვარელი ერთ-ერთი ის კუთხეა, სადაც ადამიანი ბუნებრივად არის შერწყმული ვაზთან. ეს არის მეღვინეობის კერა და ადგილი, რომელიც გამორჩეულია თავისი ცნობილი ბრენდებით, ღვინის კომპანიებით. დარწმუნებული ვარ, რომ აქ არის ძალიან ბევრი იდეა. ამ მუნიციპალიტეტს კიდევ უფრო მეტის პოტენციალი აქვს და ამ პოტენციალის გამოყენებას შევძლებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთად დგომით. წარმატება მერობის კანდიდატს და მის გუნდს. ხელისუფლება გააგრძელებს დაწყებულ კურსს, რომელმაც შედეგები უკვე გამოიღო“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner