დღეს ბათუმის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა მოაწერა ხელი.
არჩილ ჩიქოვანის თქმით, დღევანდელი დღე ისტორიული ღირებულების მქონეა, ვინაიდან უკვე გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია და დაიწყება მუშაობა დოკუმენტზე, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქალაქის სწორი განვითარებისთვის.
„ერთი წლის წინ, დავდე პირობა, რომ ჩვენ დავიწყებდით სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტების შემუშავებას.
დღეს, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ისტორიული დღეა, უკვე გამოვავლინეთ გამარჯვებული კომპანია და სწორედ დღეიდან, დავიწყებთ მუშაობას დოკუმენტზე, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ქალაქის სწორი განვითარებისთვის.
მოგეხსენებათ, ურბანული პროცესების არასწორი მიმართულებით განვითარებამ გამოიწვია ქაოტური მშენებლობები, რაც უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს და ამ კუთხით ქალაქის წინაშე პრობლემები დაგროვდა.
ქალაქის განვითარების პოლიტიკის დოკუმენტი კი, ბათუმს ქაოტური მშენებლობების განხორციელებისგან დაიცავს.
დოკუმენტი სიღრმისეულ კვლევებს დაეყრდნობა, გაითვალისწინებს და დაარეგულირებს ქალაქის სწორ სამშენებლო პოლიტიკას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ეკოლოგიური და რეკრეაციული ზონებისა და ეკონომიკურ განვითარებას, კომუნალური ქსელების მოწყობას, საზოგადოებრივ კეთილდღეობასა და სხვა ძირითადი სისტემების ოპტიმიზაციას.
ინფორმაციას, დოკუმენტზე მუშაობის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ჩვენ კვარტალურად ჩავიბარებთ. პროცესი იქნება გამჭვირვალე და მაქსიმალურად მოვახდენთ საზოგადოების ჩართულობას.
ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ქალაქის სწორ განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია თითოეული ბათუმელისთვის“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
კომპანიის გუნდმა, მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, პრეზენტაცია გამართა, რომელზეც წარადგინა სამუშაო გუნდის წევრები და ისაუბრა ქალაქისთვის გენერალური გეგმის მნიშვნელობაზე, შემუშავების ეტაპებსა და სამუშაო პროცესზე. განიხილეს არსებული გამოწვევები და ხაზი გაუსვეს პროცესში დაინტერესებული პირების ჩართულობისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობას.
ხელშეკრულების შესაბამისად, კონკურში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს საპროექტო მომსახურებას, რომელიც გულისხმობს ბათუმის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დაგეგმვასა და სათანადო შედეგების მიღწევას, შუალედური და საბოლოო დოკუმენტების სახით.
გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.