„ჩემი ძმა, მეუღლესთან ერთად, წეროვანში არსებულ თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაციის ცენტრში იმყოფება, სადაც მისი გადაყვანა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მოხდა,“ - ამის შესახებ „ტვიტერზე“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი გიორგი გამსახურდია წერს.
„ცოტა ხნის უკან მომიწია წარმომადგენლობის ოფისთან გავლა თბილისში, სადაც ვნახე აღუწერელი უმსგავსობა, რასაც იქ მდგომნი ჩადიოდნენ. დარწმუნებით მინდა ვთქვა, იქ გაჟღერებული ყველა თემა, აცდენილია ჩემ ძმასთან არსებულ რეალობასთან, უფრო მეტიც, არის სიცრუე. ეს ხალხი კი ამ სიცრუეს ტირაჟირებენ.
ჩემი ძმა, მეუღლესთან ანისთან ერთად, 2კვირაა რაც იმყოფება წეროვანში არსებულ თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც მისი გადაყვანა მოხდა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ. ცოტნეს საქართველოში არსებული ყველაზე ძლიერი რეაბილიტოლოგების ხელშია და მიდის ყოველდღიურად წინ
ყოველივე ამის შესახებ მინდოდა ცნობოდა საზოგადოებას, რადგანაც ბევრ ადამიანს აინტერესებს სიმართლე და არა ის ნაბოდვარი, რაც წარმომადგენლობის ოფისთან შეკრებილი მასისგან ესმით საქართველოს მთავრობის და ჩვენი ოჯახის მისამართით. ცოტნესთვის კეთდება საუკეთესო და იგი საიმედო ხელშია“, - წერს გიორგი გამსახურდია.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის ივლისამდე მკურნალობდა. შემდეგ კი მკურნალობის კურსს გერმანიაში გადიოდა.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის მკურნალობის ხანგრძლივი პროცესი ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.