„ქართული ოცნების" დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ წარდგენილი თბილისის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები „ქართულ ოცნების“ კანდიდატებს კონკურენციას ვერ გაუწევენ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვების პერსპექტივა გაცილებით მაღალია.
„კონკრეტულ კანდიდატებზე ჩემს მოსაზრებებს ნამდვილად არ გეტყვით, ზოგს ვიცნობ და ზოგს არა, ზოგს დადებითად, ზოგს უარყოფითად, თუმცა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი დამახასიათებელია ის, რომ არცერთი მათგანი არ არის ისეთი, რომელსაც შეუძლია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანდიდატებს კონკურენცია გაუწიოს. მაგალითად, ვაკის კანდიდატი ახსენეთ და არ მგონია, რაიმე შანსი ჰქონდეს გიორგი ტყემელაძესთან რომელიმე კანდიდატს. არცერთს არავითარი შანსი არ აქვს იმ კანდიდატთან, რომელიც ვფიქრობ, აბსოლუტურად უნაკლოა იმ მოვალეობის შესასრულებლად, რასაც ვაკის მაჟორიტარი ჰქვია“,- განაცხადა სარჯველაძემ.
მისი შეფასებით, როგორც პერსონალური, ასევე პარტიული მხარდაჭერის მაჩვენებელი ადასტურებს, რომ ოპოზიციას და სახელისუფლებო პარტიას თვისობრივად განსხვავებული რეიტინგი აქვს.
„გაცილებით მაღალია პერსპექტივები, რომელიც სახელისუფლებო პარტიას აქვს“,-განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, კოორდინაციაში მყოფმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. კერძოდ, პარტია „ევროპული საქართველოდან” სამგორის მაჟორიტარი კანდიდატი დათო ჟღენტი იქნება, ისანში - ბესიკ დონაძე, ჩუღურეთში კი გიორგი ნონიაშვილი.
პარტია „დროას” გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია, ვაკის მაჟორიტარი - ბათუ ქუთელია, კრწანისში კი თამაზ ახობახე.
პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების” დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ნიკა მოსიაშვილი, ნაძალადევიში - ბადრი გრიგალაშვილი, მთაწმინდაზე - თენგიზ კირთაძე და საბურთალოში - ბორის ყურუა.