„დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან და პოლიტიკურ ძალთა განლაგებიდან გამომდინარე, შეუძლებელია, კრებითი დიმიტრი გელოვანი იპოვოს რომელიმე პარტიამ, სადაც კონსენსუსი იქნება მიღწეული,“ - განაცხადა გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვაზე არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა გელა ნიკოლეიშვილმა.
ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ არჩევის ვადის 6 თვემდე დაწევა გააუარესებს სისტემას, რეალურად განმეორდება ის, რაც მოხდა ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევნების დროს და ყველას დაიწუნებენ, ვინც ამ სისტემაში მუშაობდა.
„ჩვენ გვეყოლება მუდმივად დროებითი გენერალური პროკურორი. თუ ექნება მას საშუალება რომ ერთი წლის შემდეგ მეორედ იყაროს კენჭი, იყრის კენჭს და იგივე პოლიტიკური ძალა კიდევ დაუჭერს მხარს. თუ არ ექნება მას მესამედ კენჭისყრის საშუალება, არ ვიცი ეს კანონით როგორ არის განსაზღვრული, მგონი ჯერ დაურეგულირებელია და თუ არ ექნება, მაშინ მისი მოადგილე იქნება წამოყენებული, შემდეგ მეორე მოადგილე, იმიტომ რომ დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან და იმ პოლიტიკურ ძალთა განლაგებიდან გამომდინარე, შეუძლებელია, კრებითი დიმიტრი გელოვანი იპოვოს რომელიმე პარტიამ, სადაც კონსენსუსი იქნება მიღწეული. მაგალითად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაუწუნეს ის, რომ თურმე ცესკოში 2008 წლიდან მუშაობდა. სხვა, ფაქტობრივად ვერაფერი წარმოადგინეს მის წინააღმდეგ.
ვინ უნდა დაინიშნოს გენერალურ პროკურორად? ვინც ამ სისტემაში მუშაობდა ყველა იქნება დაწუნებული. ვინც არ მუშაობდა ამ სისტემაში, ჩვენ გვქონდა ორი შემთხვევა, ერთი არჩილ კბილაშვილის, მეორე შალვა თადუმაძის, რომლებიც გარედან მოვიდნენ. არც ისინი იყვნენ მისაღები უმრავლესი პოლიტიკური ძალებისთვის. ამიტომ, რაც არ უნდა 6 თვემდე დავწიოთ, ეს გააუარესებს სისტემას, რომ სტაბილურობა იყოს. ჩვენ გვინდა სტაბილურობის მიღწევა და ქვეყნის ჯანჯღარის საშუალება არ უნდა იყოს. კიდევ ერთი, შეკითხვის სახით, თუ არის სადმე რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ისეთი მოდელი, რომ 3/5 -ით ირჩევა გენერალური პროკურორი, ჩვენ ხომ ევროპული გამოცდილების მიხედვით გვინდა მოვაწყოთ ჩვენი ქვეყანა. მე ასეთი ქვეყანა არ ვიცი და თუ თქვენ იცით იქნებ დაასახელოთ,“- განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.