ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ეკონომიკის ზრდის კუთხით ქვეყანაში არსებული პოზიტიური დინამიკა, ასევე მთავრობის 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმები. ლაშა ხუციშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს საქართველოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ვაქცინაციის პროცესისა და ამ კუთხით, მოსახლეობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა, რათა პოსტპანდემიურ პერიოდში, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორის აღდგენა”,- აღნიშნავენ უწყებაში.