სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დავით მეყანწიშვილი დააკავეს. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით მეყანწიშვილმა უცხოელ ბიზნესმენს ქ. თბილისში 8271 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის პროცედურების დაჩქარებისა და შემდგომში შესაბამისი ნებართვების დროულად მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა 50 000 ლარი, საიდანაც წინასწარ მოითხოვა 10 000 ლარის გადაცემა. 2016 წლის 22 ივლისს დავით მეყანწიშვილმა უცხოელ ბიზნესმენს გამოართვა წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილი 5000 ლარი, ხოლო 2016 წლის 25 ივლისს გამოართვა თანხის მეორე ნაწილი - 5000 ლარი, რა დროსაც ის დააკავეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.