პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, რომ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ადამიანებმა მოიპოვეს თავისუფლება. მისივე თქმით, ყურადღება გამახვილდა ისეთ საბაზისო სფეროებზე, როგორიც არის ჯანდაცვა.
„5 წლის წინ, 2011 წლის შემოდგომაზე ბიძინა ივანიშვილმა გადადგა მოქალაქეობრივი გმირული ნაბიჯი და ქართველ ხალხთან ერთად მოახდინა გარდატეხა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ამ გარდატეხის შედეგად ჩვენ მივიღეთ ის, რომ დღეს ქართველი კაცი არის გაცილებით უფრო თავისუფალი, დღეს განსხვავებული აზრისთვის აღარავის ერჩიან და გულახდილად რომ შევხედოთ იმ წინასაარჩევნო პროცესს, რომელშიც ვიმყოფებით, შედარებაც არ არის იმასთან, რაც 4-5 წლის წინ ხდებოდა. თავისუფლებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნეთ ისეთ საბაზისო სფეროებზე, როგორიც არის საყოველთაო ჯანდაცვა, რაც უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ჯანდაცვა ჩვენი ქვეყნის მოქალაქებისთვის ყოფნა-არყოფნის საკითხი გახდა, დღეს არ არის საჭირო, რომ დააგირავო ქონება, აიღო მევახშისგან სესხი იმისთვის, რომ თუნდაც ყველაზე ძვირადღირებული ოპერაციები გაიკეთონ ჩვენმა თანამემამულეებმა. დამეთანხებით, ეს ყველასთვის დიდი რამ არის და ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობაში გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. კვირიკაშვილის თქმით, ბოლო წლებში არ ყოფილა პერიოდი, როცა სოფლის მეურნეობას ასეთი ყურადღება ექცეოდა, როგორც ბოლო 4 წლის განმავლობაში ხდებოდა.
„ხდება ფერმერული მეურნეობების განვითარება, ხორციელდება პროგრამა „დანერგე მომავალი", ჩვენ განსაკუთარებული ყურადღება დავუთმეთ ადგილობრივ წარმოებას და შეიქმნა პროგრამა „აწარმოე საქართველოში" და ა.შ. აღარ შეგაწყენთ თავს მიღწევებით, ჩვენ ვიცით, თუ რამდენი პრობლემა რჩება ქვეყანაში გადასაწყვეტი. ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილი მთავრობა და ძალიან კარგად გვესმის პრობლემები, ტკივილი და გაჭირვება, რომელიც დღეს არის საქართველოში და სწორედ ამიტომ, რომ ყველა ოჯახმა იგრძნოს თავის თავზე მეტი კეთილდღეობა, სწორედ ამიტომ იდგმება დღეს ძალიან სწრაფი ნაბიჯები ქვეყნის განვითარებისთვის და გვჭირდება სწრაფი განვითარების პროგრამა", - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას" გააჩნია მკაფიო ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.