საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან წარჩინებული სტუდენტების ნაწილს და ოქროსმედალოსნებს შეხვდა.
შეხვედრა „გურიანიუსის" ჩოხატაურის ოფისში, „ივლიტას ბიბლიოთეკაში" შედგა, რაც, პრემიერის განცხადებით სიმბოლურია.
გიორგი კვირიკაშვილმა გაიხსენა 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ახალგაზრდების გაერთიანება ხალხის დასახმარებლად და აღნიშნა, რომ მისი შვილებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში.
„ახალგაზრდების ასეთი კონსოლიდაცია, როგორიც მაშინ ჩვენ ვნახეთ, მახსოვს ჩემს თაობაში 1989 წელს, როცა 9 აპრილი მოხდა და მაშინ ალბათ ერთმანეთი ყველას ყველაზე ძალიან გვიყვარდა. სიძულვილი ერთბაშად გაქრა იმ მომენტში და ზუსტად იგივე დავინახე. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი მოსდევს ხოლმე ტრაგიკულ მოვლენებს, როცა ჩვენ თურმე შეგვიძლია, გავერთიანდეთ, მაგრამ ასე ხდება. ჩემი უფროსი შვილები, ყოველ დილით, ნიჩბებით გადიოდნენ და საღამოს, ტალახში ამოსვრილები ბრუნდებოდნენ. მე გამიხარდა, რომ მათაც იგრძნეს ეს, მაგრამ არ გამიხარდა, რომ ეს მოხდა ასეთი მსხვერპლის ხარჯზე. კარგია, რომ ივლიტა ჯიბუტის სახელი აქ უკვდავყოფილია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.