საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „გურიანიუსის" ჩოხატაურის ოფისში, „ივლიტას ბიბლიოთეკაში", გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან წარჩინებული სტუდენტების ნაწილს და ოქროსმედალოსნებს შეხვდა.
გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პედაგოგებისადმი პატივისცემის აუცილებლობას. მისი თქმით, არ შეიძლება პედაგოგებისთვის გამოცდის ჩატარება და შემდეგ მოსწავლეების გასაგონად იმის თქმა, რამდენი პროცენტი ჩაიჭრა.
„უპირველეს ყოვლისა, ჩვენს პედაგოგთა კორპუსს დიდი პატივი უნდა ვცეთ. არ შეიძლება, იგივე მოსწავლეების თვალში ვაფიქსიროთ უპატივცემულობა, საჯაროდ გამოცდების ჩატარება და შემდეგ იმის თქმა, რამდენი პროცენტი ჩაიჭრა. ეს დამოკიდებულება მთავრობის მხრიდან შესაცვლელია. არ ვამბობ, რომ განათლების ხარისხი და მასწავლებლების მომზადების დონე არ უნდა გაიზარდოს, მაგრამ მიდგომა უნდა იყოს სხვაგვარი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.