„ქართული ოცნების" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კობახიძე „ტელეკომპანია „პირველის" ეთერში NDI-ს კვლევის შედეგებზე, წინასაარჩევნო პროცესებზე და პრეზიდენტის განცხადებაზე საუბრობს.
„გამოვეხმაურები სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, ამ კუთხით ეს კვლევა ასახავს რეალობას, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა უმუშევრობის საბოლოო დაძლევაა. თქვენ კარგად გახსოვთ, რა მემკვიდრეობა დაგვხვდა 2012 წელს, რა მდგომარეობამდე მიიყვანა წინა ხელისუფლებამ ხალხი, რა ეკონომიკური პარამეტრები ჰქონდა ჩვენს ქვეყანას. ამ ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება ნაბიჯნაბიჯ გვიწევდა. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც დაგხვდა და ეს არის ის, რასაც ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში ვაკეთებდით. ნამდვილად სამწუხაროა, ის, რომ ამ ფონზე სხვა თემებზე ყურადღების გადატანა გვიწევს და სამწუხაროა ისიც, რომ ეს ყველაფერი ამ მომენტში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და პრეზიდენტის განცხადებების საფუძველზე კეთდება. ჩვენ არ გვეძლევა იმის საშუალება, რომ ქვეყნის აღმშენებლობისა და წინასაარჩევნო პროცესი სათანადო გარემოში წავმართოთ. მოგეხსენებათ, არჩევნები უკვე დანიშნულია. შესაბამისად, წინასაარჩევნო აგიტაციაც დაწყებულია, ვერ გეტყვით ეს ნებსით თუ უნებლიედ კეთდება. თუმცა სამწუხაროა, ის განცხადებები რომელიც ამ ორი თანამდებობის პირის მხრიდან გაკეთდა, საარჩევნო პროცესისთვის ჩრდილის მიყენების მცდელობაა. რაც შეეხება უშუალოდ ხელისუფლების რეაგირებას ამ კონკრეტულ განცხადებებზე, რეაგირება იყო მყისიერი. მოგეხსენებათ, რომ ორივე განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. ყველაფერი იმ პროცედურების შესაბამისად წარიმართება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით. მე დარწმუნებული ვარ, ჭეშმარიტება აუცილებლად დადგინდება, იმ ყველაფერზე რაზეც დღეს საუბარი გვიწევს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.