სასამართლოს დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის სახით კახაბერ დ.-ს გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო მურაზ ს. - ს შეეფარდა ჯარიმა 600 ლარის ოდენობით.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორების მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობები და სამართალდამრღვევად ცნო მურაზ ს. და კახაბერ დ.
სასამართლოს დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის სახით კახაბერ დ.-ს გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო მურაზ ს. - ს შეეფარდა ჯარიმა 600 ლარის ოდენობით.
წარმოდგენილი შუამდგომლობების თანახმად, თბილისში, თემქის მე-5 კლინიკური საავადმყოფოს მიმდებარედ, მურაზ ს.-მ და კახაბერ დ.-მ შეურაცხყოფა მიაყენეს პატრულ ინსპექტორებს, ხელი შეუშალეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში და არ დაემორჩილნენ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, დაეცვათ წესრიგი, რითიც დაირღვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნები, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს.
მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის ვიდეო-მასალისა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლივი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მურაზ ს.-სა და კახაბერ დ.-ს მხრიდან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის - სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში", - ნათქვამია განცხადებაში.