პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ C ჰეპატიტის პროგრამის წარმატებას ოპონენტი არ ჰყავს. მისი თქმით, არსებულმა პროგრამამ ბევრად გადააჭარბა მოლოდინებს თავისი წარმატების მაჩვენებლით.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს და მთელ გუნდს, ვინც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დანერგვაზე მუშაობდა.
„C ჰეპატიტის პროგრამის წარმატებას ოპონენტი არ ჰყავს. 28 ივლისი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა ჰეპატიტის დღედ. მე მგონია, ჩვენ, ქართველებს მართლა გვაქვს საამაყო იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება უპრეცედენტო პროგრამა, რომლითაც უკვე 10 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და არის ძალიან წარმატებული სტატისტიკა. ეს პროგრამა, რა თქმა უნდა, გრძელდება და ფართოვდება. ძალიან ბევრი ადამიანი იმედით ელოდებოდა ამ პროგრამას და კარგია, რომ ეს პროგრამა არათუ ამართლებს, არამედ ბევრწილად გადააჭარბა კიდეც მოლოდინებს თავისი წარმატების მაჩვენებლებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრემიერის თხოვნით პროგრამის მიმდინარეობის სტატისტიკა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ გასული წლის აპრილიდან დღემდე პროგრამაში 14 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო, რომელთაგან 5 000-ზე მეტმა მკურნალობა დაასრულა. სერგეენკოს თქმით, ამ ეტაპზე პაციენტთა 92% სრულად განიკურნა.
„იმისათვის, რომ ეს პროექტი დაწყებულიყო, აუცილებელი იყო მთავრობისთვის ჯანდაცვა ყოფილიყო პრიორიტეტი და ქვეყანაში - სტაბილური პოლიტიკური წინაპირობა. ბოლო სამი თვეა, კიდევ უფრო ახალი გენერაციის პრეპარატზე გადავედით, მოვხსენით ყველა კრიტერიუმი რაიმე რისკჯგუფის და სიმძიმის და მნიშვნელოვნად გავზარდეთ პაციენტების ნაკადი. თუ თვეში შეგვეძლო 800 პაციენტის გატარება, ახლა 3 000-ზე ავდივართ. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან დიდი შვება 150 000 ადამიანისთვის, ვინც, სამწუხაროდ, საქართველოში ინფიცირებულია ამ დაავადებით", - განაცხადა დავით სერგეენკომ.