ექსპერტი დავით ქართველიშვილი მსოფლიო მმართველობის მაგალითებს განიხილავს ბრიტანეთიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან და თურქეთიდან. მისი აზრით, ნებისმიერ სახელმწიფოს საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა უნდა შეეძლოს.
ქართველიშვილის აზრით, დემოკრატიული საზოგადოება და ქვეყნების დემოკრატიის დროშების ქვეშ გამაერთიანებელი ნებისმიერი ორგანიზაცია, თავისი შინაარსით, არ უნდა ემსგავსებოდეს ჰარამხანას.
„ის, რასაც BREXİT-მა ჩაუყარა საფუძველი; ის, რასაც უნგრეთში ჰქონდა ადგილი; ის, რასაც ამჟამად პოლონეთი ახორციელებს და რასაც თუნდაც, ერდოღანი ცდილობს - ეს ყველაფერი სავსებით ჯდება ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის ჩარჩოებში და ამ მიდგომის პრიორიტეტების განმტკიცებაში ნებისმიერ იმ სამხედრო, ეკონომიკური თუ პოლიტიკური გაერთიანებების პრიორიტეტებზე, რომლის წევრებიც არიან ეს სახელმწიფოები. ასე იყო უნგრეთში, სადაც სახელმწიფომ დაიცვა თავისი უფლება, შეზღუდვები დაუწესოს სკოლებში გარყვნილების სწავლაზე. ასე მოხდა პოლონეთში, სადაც ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის უზენაესობას გაუსვა ხაზი ევროკავშირის სამართლებრივ ველზე. ასეა დღეს თურქეთში, სადაც მსოფლიოს შვიდი წამყვანი სახელმწიფოს ელჩებს, პრეზიდენტი ერდოღანი ქვეყნიდან გაძევებით ემუქრება, თუ ისინი არ შეწყვეტენ თურქეთის მართლმსაჯულების სფეროში თავის უხეშ ჩარევას. დემოკრატიული საზოგადოება და ქვეყნების დემოკრატიის დროშების ქვეშ გამაერთიანებელი ნებისმიერი ორგანიზაცია, არ უნდა ემსგავსებოდეს თავისი შინაარსით ჰარამხანას, საკუთარი მმართველობის მკაცრი იერარქიით - „სულთანი", ჰარამხანაში წესრიგზე პასუხისმგებელი საჭურისები, „სულთნის" ცოლები და ჰარამხანაში მისაღები კანდიდატი - ხარჭები. თანდათანობით, ამ დასავლურ ორგანიზაციებში, შეიმჩნევა დემოკრატიის პროფანაციის მცდელობა და მისი დაუფარავი ჩანაცვლება „სულთნის ჰარამხანული" დამოკიდებულებით საკუთარი ქვეშევრდომებისადმი და, ამ უკანასკნელთა მხრიდან, ნებისმიერი მცდელობა შეახსენონ „დემოკრატიის შუქურას" საკუთარ სუვერენულ უფლებებზე, თუ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ატრიბუტებზე - პიროვნული წყენის, ჭკუის სწავლების, მუქარისა და შანტაჟის სფეროში გადადის. ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ ჩვენც, ამის მცდელობა დღემდეც ხორციელდება - იქნება ეს კრიმინალების „პოლიტპატიმრებად" გადაქცევის, მათი შემდგომი ამნისტია/რეაბილიტირების, სასამართლო რეფორმირების პროცესში უხეში ჩარევის, ქვეყანაში „მეხუთე კოლონის" აღზევების, საქართველოს რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაზე ძალით დაბრუნების თუ სხვა უამრავ შემთხვევაში. ულტრალიბერალური „სულთანი" ამ მიდგომით საკუთარი „ჰარამხანის" დასასრულს მხოლოდ დააჩქარებს და ამ დასავლური და დემოკრატიული ფასეულობების კრახით მხოლოდ „ბნელეთის მოციქულებს" თუ გაახარებენ, რომლის კლასიკურ მინი-მოდელს საქართველოში - ნაცმოძრაობა წარმოადგენს. ამ ბოროტებასთან ბრძოლაში, „სულთნისა" და მისი საჭურისების მხრიდან მხარდაჭერის დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს - პირიქით! თვალწინ დავიყენოთ თუნდაც ბრიტანეთის, უნგრეთის, პოლონეთის და თურქეთის მაგალითები, დავიცვათ საკუთარი ღირსება, გავყვეთ ამ გზას და ერთობლივად დავასრულოთ შიდა თუ გარე ეშმაკები. ამისთვის კი, ქვეყნის სუვერენიტეტის დამცველი პრემიერის, მმართველი პარტიის ირგვლივ ყველა ჯანსაღი ძალების კონსოლიდაციაა საჭირო. ამისთვის კი, როგორც მინიმუმ, 30 ოქტომბერს საქვეყნო და არა სამარცხვინო გადაწყვეტილება აქვს ყველას მისაღები“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.