პარტია „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის ბრალდებები მოსამართლეთა მიმართ ზეწოლის შესახებ, სასამართლოს 20 ივლისის გადაწყვეტილებას უკავშირდება.
გიორგი ვოლსკი არც იმას გამორიცხავს, რომ პაპუაშვილის ბრალდებები „ოდესიდან მიღებული ინსტრუქციების შეუსრულებლობას უკავშირდებოდეს".
„20 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ, ძალიან მცირე უპირატესობით, გამოიტანა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ არ დაკმაყოფილებულიყო „ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი (საუბარია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით წარდგენილ სარჩელზე). ამით ჩვენ გადავრჩით პოლიტიკურ ქაოსს. სწორედ ამის შემდეგ გიორგი პაპუაშვილმა გადაწყვიტა, რომ ჩრდილი მიაყენოს პროკურატურას, სახელმწიფო სტრუქტრურებს, პრემიერ-მინისტრს, ვისაც გუშინ შეხვდა და ამით ხაზი გაუსვა, რომ თითქოს ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრია გადაწყეტილების მიმღები. მოვლენების მთელი ჯაჭვია. მე არ მაქვს იმედი, რომ პროკურატურის მიერ საკითხის შესწავლასა და შედეგებს ასე ადვილად დაეთანხმებიან. არც იმის ხედვა არსებობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ის ოთხი მოსამართლე, რომელიც საქართველოში ქაოტური მდგომარეობის შექმნას უჭერდა მხარს, ამ პროცესში გარკვეულ შტრიხებს შეიტანენ და გამოძიებისთვის გარკვეულ სირთულეებს შექმნიან. ასეა თუ ისე, პროკურატურა არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საზოგადოებას ექნება ზუსტი პასუხი, რასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.