„,,ქართული ოცნების“ პოლიტიკა იზიარებს ჩვენი ხალხის ისტორიულ არჩევანს და ეს არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პოლიტიკა. ევროინტეგრაცია არ არის მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური არჩევანი, ეს ისტორიული არჩევანი და ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნების საუკეთესო გზა“ , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თავისუფლების მოედანზე გამართულ წინასაარჩევნო შეკრებაზე განაცხადა.
მისი თქმით, ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო სრულიად ახალ დონეზე აეყვანა ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოსთან სტრატეგიული პარტნიორობა.
,,დღეს ეს ურთიერთობები უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა. ჩვენი მიზანია დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს და ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. დღეს, ისე როგორც არასდროს გვჭირდება გამარჯვებები. ჩვენ უნდა გვჯეროდეს ჩვენი ქვეყნის გამარჯვების და წარმატების. გამარჯვებაა, როცა თითოეული ოჯახი იქნება ძლიერი. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სიღარიბეზე, გამოწვევებზე, რომელიც სამწუხაროდ განუყოფელი ნაწილია ჩვენი ცხოვრების და აუცილებელია რომ მათთან გამკლავება იყოს ჩვენი ბრძოლის მთავარი მიზანი. შემდეგი სამი წელი ქვეყანაში უნდა დაეთმოს მხოლოდ და მხოლოდ წინსვლას, რეფორმებს - დაწყებული რეფორმების დასრულებას და ახალი რეფორმების დაწყებას“, - განაცხადა კახა კუჭავამ.